„წარმოიდგინეთ, რა მარაზმის გავრცელებას ცდილობენ - თითქოს ვიღაცამ ბატონ რამიშვილს თავისი იარაღი მოჰპარა, მალულად ჩაუდო ჩანთაში და ამის გამო დააკავეს... ეს უკვე ბავშვური ტყუილიც არ არის“ - არჩილ გორდულაძე

არჩილ გორდულაძე

ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის საქმის შესახებ დასმულ კითხვას, "ღამის კურიერის" ეთერში, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ უპასუხა. არჩილ გორდულაძე აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ბიზნესმენს იარაღი ბარგში ჩაუდეს, სიმართლეს არ შეესაბამება.

ცნობისთვის, ბიზნესმენი, "სილქ როუდ ჯგუფისა" და "სილქნეტის" დამფუძნებელი გიორგი რამიშვილი, გირაოს სანაცვლოდ, სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. საქმეზე გამოძიება გრძელდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამგზავრების ტერმინალში, რამიშვილის ხელბარგის სკანერით შემოწმებისას ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და ვაზნები ამოიღეს.

"ერთ მაგალითს  მოვიყვან - დღეს, პარლამენტის თავმჯდომარეს, "ნაცმოძრაობის" ერთ-ერთი  ტელევიზიის ჟურნალისტი უსვამდა კითხვას, ბატონ რამიშვილს იარაღი ჩაუდესო. საკმაოდ ცნობილი ფაქტია, ოჯახის წევრებმაც და თვითონ ბრალდებულმაც დააფიქსირეს, რომ ეს მის საკუთრებაში, მის სახელზე რეგისტრირებული იარაღი იყო. რომ წარმოვიდგინოთ, რა მარაზმის გავრცელებას ცდილობენ ეს ადამიანები, რომ ვიღაცამ ბატონ რამიშვილს თავისი იარაღი მოჰპარა, შემდეგ ეს მალულად ჩაუდო, მოუთავსა ჩანთაში და შემდეგ ამის გამო დააკავეს. ბავშვური ტყუილიც კი არ არის“, - აცხადებს არჩილ გორდულაძე.