თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტმა „თავდაცვის კოდექსში“ ცვლილებაზე იმსჯელა

თავდაცვის კომიტეტი

თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ „თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი წარადგინა.

მომხსენებლის განცხადებით, თავდაცვის ახალი კოდექსის მიღების შემდეგ, წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვისა და წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის წესი მნიშვნელოვნად შეიცვალა.

მისივე თქმით, კოდექსის ნორმების პრაქტიკულმა გამოყენებამ მთელი რიგი საკითხების დაზუსტების აუცილებლობა განაპირობა, რის გამოც კოდექსში ცვლილებების პროექტი მომზადდა.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, დაზუსტდება სამხედრო მოსამსახურის სტატუსთან თავსებად საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები;  „თანამდებობიდან დროებით გათავისუფლების“ ნაცვლად, მიეთითება „თანამდებობიდან გათავისუფლება“; მოწესრიგდება სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვანად და წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებული საკითხები და დაზუსტდება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის სახით გასავლელად კონტრაქტის შეწყვეტის შემთხვევაში, პირის წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გადაყვანის საკითხი.

მომხსენებლის განცხადებით, ცვლილებები თავდაცვის ძალებში დასაქმებული პირების სხვა, შეთავსებით სამუშაოების საკითხებსაც არეგულირებს.

კერძოდ, აღნიშნულ პირებს, სამინისტროს წინასწარი წერილობითი თანხმობით, არაუმეტეს 1 წლის ვადით, სამეცნიერო, პედაგოგიური, შემოქმედებითი, სამეცნიერო და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობა შეეძლებათ.

კომიტეტის წევრებმა კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს.