თამარ ჩიბურდანიძე: პირი, რომელიც რუსთაველზე ცემეს, 9 აპრილის მონაწილეა და ჯერ კიდევ მოსწავლე იყო, როცა რუსის ტანკებს წინ გადაეღობა. დღეს კი მონას ეძახდნენ და იქ არ უშვებდნენ ეს მართლა მონები

თამარ ჩიბურდანიძე

 რუსთაველზე განვითარებულ მოვლენებს და 9 აპრილის მონაწილეზე თავდასხმას გამოეხმაურა პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.

მისი განცხადებით, პირი, რომელიც რუსთაველზე სცემეს, 9 აპრილის მონაწილეა და მაშინ ჯერ კიდევ მოსწავლე იყო, როდესაც რუსულ ტანკებს წინ გადაეღობა. ჩიბურდანიძის თქმით, ამ ადამიანისთვის „მონას“ დაძახება და მისი 9 აპრილის მემორიალთან არშეშვება მიუღებელი ქმედებაა.

„ოპოზიცია ჩვეული ამაზრზენი საქციელით აგრძელებს პროვოკაციებს და ცდილობს, არეულობის ეფექტი შექმნას საქართველოში. ამ აკაცუკებს ალბათ 9 აპრილი მხოლოდ ფურცლებზე აქვთ წაკითხული. ვინც იმ ქრონიკების თანამედროვეა, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ იქ არ გავიდოდა.

დღეს კი, რუსთაველის გამზირზე ცემეს პირი, რომელიც 9 აპრილის მონაწილეა და ჯერ კიდევ მოსწავლე იყო, როცა რუსის ტანკებს წინ გადაეღობა. თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანს, ვინც დამოუკიდებლობა გვაჩუქა, მონას ეძახდნენ და 9 აპრილის მემორიალთან არ უშვებდნენ - ეს მართლა მონები.

იციან კი საერთოდ ამ უსამშობლოებმა, რა დღეა 9 აპრილი? დარწმუნებული ვარ - არა. შეუძლებელია მათ გაიგონ იმ ბრძოლის ფასი, რასაც ჩემი თაობა შეეწირა და კიდევ მზად არის იგივე ბრძოლისთვის, თუკი ქვეყანას კვლავ დასჭირდება. ესენი კი უცხოეთიდან, მათი ბატონებისგან გამოგზავნილი ტექსტებით დაზუთხულები, აღმა-დაღმა დაეხეტებიან და ყველანაირად ცდილობენ, რით ავნონ ქვეყანას.

ქართულ საზოგადოებას მართლა აევსო ყველანაირი მოთმენის ფიალა. ძალიან მძიმე იყო იმ კადრების ყურება ჩვენთვის, როცა 9 აპრილის მონაწილეს მონას ეძახდნენ ისინი, ვინც დღესაც სხვის მონობაში მსახურობენ. დასაჯეთ ყველა, ვინც მსგავს ქმედებას სჩადის, სანამ თავად ხალხი დასჯის მათ. არ შეიძლება შემწყნარებლობა სამშობლოს მოღალატეებთან!“ - წერს თამარ ჩიბურდანიძე.