მძიმე ავარია თბილისის შემოვლით გზაზე - არის მსხვერპლი
1775473183
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ საპარლამენტო ფრაქციის დეპუტატი სოფიო ხორგუანი მთავრობას მოუწოდებს, სახელმწიფო სერვისების საფასური შეამციროს.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ხორგუანმა განაცხადა, სახელმწიფო სერვისები, სულ მცირე, 30 პროცენტით უნდა შემცირდეს და ვისაც სოციალური საჭიროება აქვს, ამ ტარიფებისგან სრულად გათავისუფლდეს.
„ამით ნაწილობრივ და მყისიერად შეუმსუბუქებენ მოქალაქეებს გაძვირებული ცხოვრების წნეხს; დაიწყებენ საქართველოს მოქალაქეების მოთხოვნის შესრულებას, რომ მზრუნველი, სამართლიანი სახელმწიფო ჰქონდეთ; ბიზნესს მაგალითს მისცემენ, რომ შესაძლებელია სოციალური პასუხისმგებლობის ტარება. ტარიფების ზრდა 2021 წლის სექტემბრიდან დაიწყო და, დღეის მონაცემებით, გაორმაგებულია. პირადობის მოწმობის აღება 2022 წლის 1-ელ მაისამდე 30 ლარი თუ ღირდა, დღეს – 60 ღირს. პარლამენტის მიერ ავტომობილებზე საბაჟო ტარიფების გაზრდის ბოლო გადაწყვეტილება ამ დამოკიდებულების დადასტურებაა. გაძვირებულ ფასებზე ირაკლი კობახიძის საუბრები და ის კომისია, რომელიც პარლამენტში შეიქმნა, მხოლოდ ფარსი თუ არ არის, რომელსაც პროპაგანდისთვის იყენებს, დაუყოვნებლივ მიიღოს გადაწყვეტილება, რადგან ამ გადაწყვეტილებას მთავრობის მეთაური მთავრობის დადგენილებით იღებს. სახელმწიფო სერვისებზე ტარიფების შემცირება პირდაპირ მთავრობის პასუხისმგებლობაა.
რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ტარიფებს, კანონში ცვლილების ინიცირებაც თავად „ქართულ ოცნებას“ შეუძლია, ვინაიდან მხოლოდ საკუთარი ინიციატივების მხარდაჭერის გამბედაობა ჰყოფნით. მოქალაქეს სახელმწიფო ძვირად შეიძლება უჯდებოდეს მხოლოდ ერთ შემთხვევაში, თუ ის სოციალურად ორიენტირებული სახელმწიფოა, სხვა შემთხვევაში, ჰიბრიდული, ავტოკრატული ან დიქტატორული რეჟიმია. სახელმწიფო, რომელიც მხოლოდ მდიდრებს იცავს, სადაც მხოლოდ უსამართლოდ პრივილეგირებულები სარგებლობენ საერთო სიკეთეებით.
ეს მდიდრებიც ძირითადად ხალხისა და ქვეყნის ყვლეფის ხარჯზე არსებობენ. „ქართულმა ოცნებამ“, რომელიც აბსოლუტურ ძალაუფლებას ფლობს, მოქალაქეებსთვის ღირსეული პენსია ვერ გაიმეტა, ღირსეული საცხოვრებელ პირობები და ღირსეული ხელფასსიც კი. მათ უარი თქვეს მინიმალური ხელფასის ზღვარის დადგენაზე, რომ ყველაზე დაბალი ხელფასი საქართველოს მოქალაქეებისთვის 1050 ლარით განსაზღვრულიყო. ამიტომ, მივმართავთ მათ, შემოიჭირონ ქამრები და გაუნაწილონ ეკონომიკური ზრდის სიკეთეები საქართველოს მოქალაქეებს, შეამცირონ სახელმწიფო სერვისების საფასური“, – განაცხადა ხორგუანმა.