შეიძლება, აზრი ვერ გადმოვეცი წესიერად - მთელი ჩემი სათქმელი ის იყო, რომ ბრაზისა და ზიზღის გაქრობაზე, პირველ რიგში, ხელისუფლება უნდა ზრუნავდეს - ლევან ღამბაშიძის განმარტება საკუთარ განცხადებაზე

ლევან ღამბაშიძე

ზიზღი, რომელსაც უცხოეთიდან დაფინანსებული ენჯეოები საქართველოში მიზანმიმართულად თესავენ, - თემაზე პრემიერმა მედიასთან ისაუბრა. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ეს არის დანაშაული ქართველი ხალხის წინაშე.

მისივე თქმით, ხელისუფლება ხელოვნურად დათესილ სიძულვილს დაუპირისპირდება. მმართველ გუნდში ერთ-ერთ მაგალითად მოჰყავთ ლევან ღამბაშიძის ბოლო ინტერვიუ, რომელშიც ის ოპონენტების მიმართ ზიზღზე საუბრობს და პირდაპირ ამბობს, რომ სწორია ზიზღის საჯაროდ გამოხატვა.

თემაზე დილიდან კეთდება შეფასებები. მმართველ გუნდში საზოგადოების გახლეჩის მიზანმიმართულ მცდელობაზე და "კაგებეს" მეთოდებზე აკეთებენ აქცენტს.

"კურიერთან" სატელეფონო საუბარში, ზიზღის საჯაროდ გამოხატვის შესახებ საკუთარი განცხადება განმარტა ლევან ღამბაშიძემაც. მისი განმარტებით, მას უნდოდა ეთქვა, რომ ბრაზის და ზიზღის გაქრობაზე, პირველ რიგში, ხელისუფლება უნდა ზრუნავდეს.

"შეიძლება, მე აზრი ვერ გადმოვეცი წესიერად, მაგრამ მე არ ვსაუბრობდი იმაზე, რომ ზიზღის ენა არის კარგი ენა - აქ ვსაუბრობდი იმაზე, რომ ზიზღი ბაზრით ჩავანაცვლოთ. ეს არის მოქალაქის უფლება, რადგან ის ქმედებები, რასაც მთავრობა აკეთებს, შეიძლება, გასაბრაზებელი იყოს და მოქალაქეებს აქვთ უფლება, ეს ბრაზი სხვადასხვა ფორმით გამოხატონ. თუ მოქალაქეებს არ აქვთ უფლება, რომ ეს ბრაზი გამოხატონ, ან ზიზღი დავარქვათ ამას, მაშინ ეს ბრაზი სადღაც სხვა ფორმებს იძენს. ბრაზის გაღვივებას მე არ ვემხრობი, პირიქით ვფიქრობ, რომ ის უნდა განიტვირთოს. მთელი ჩემი სათქმელი ის იყო, რომ ბრაზისა და ზიზღის გაქრობაზე, პირველ რიგში, ხელისუფლება უნდა ზრუნავდეს", - განაცხადა ფილოსოფოსმა ლევან ღამბაშიძემ.