შარმანაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: თუ ნეიტრალური ხარ, უკვე მტერი ხარ, ეს არის მათი თამაშის წესები და სამწუხაროდ, აქამდე მივიდა განვითარების ბოლო ეტაპზე ევროკავშირი

თენგიზ შარმანაშვილი

თუ ნეიტრალური ხართ, უკვე მტერი ხართ. რომ დაიმსახურო მათი შექება, უნდა იყო მათი პირდაპირი ხაზის გამტარებელი, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა, რითაც გამოეხმაურა რასა იუკნევიჩიენეს მიერ მომზადებულ ანგარიშში გაკეთებულ ჩანაწერს.

დეპუტატის თქმით, წარმოუდგენელია ევროკავშირის განვითარების ამ დონემდე მისვლა.

„ეს არის მათი თამაშის წესები და სამწუხაროდ, აქამდე მივიდა განვითარების ბოლო ეტაპზე ევროკავშირი, რაც წარმოუდგენელია“, - აცხადებს შარმანაშვილი.

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რასა იუკნევიჩიენეს მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტი მიიღო. ანგარიშში საუბარია ხელისუფლების წარმომადგენლების სანქცირებაზე. ევროპარლამენტი ასევე მოუწოდებს წევრ ქვეყნებს, თავი შეიკავონ „ქართულ ოცნებასთან“ შეხვედრებისგან. დოკუმენტში ასევე საუბარია ტელეკომპანიების, მათ შორის „იმედის“ წინააღმდეგ სანქციებზე.

გარდა ამისა, რეზოლუციის მიხედვით,ევროპარლამენტი მოუწოდებს კომისიას შექმნას მექანიზმი, რომლის საშუალებითაც სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებს, ჟურნალისტებსა და სტუდენტებს შეუნარჩუნდებათ უვიზო წვდომა ევროკავშირში.