1781607543
შალვა პაპუაშვილი სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ალექსანდარ ვუჩიჩს შეხვდა.
შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოში სერბეთის პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტის მნიშვნელობას.
შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოსა და სერბეთს შორის ურთიერთობები საერთო ევროპულ ღირებულებებსა და მომავლის საერთო ხედვას, მათ შორის ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობის მიზანს, ეფუძნება.
პარლამენტის თავმჯდომარემ სერბულ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და დაადასტურა სერბეთის ტერიტორიული მთლიანობისადმი ქართული მხარის ურყევი მხარდაჭერა.
ალექსანდარ ვუჩიჩმა აღნიშნა ორ ქვეყანას შორის არსებული მტკიცე მეგობრული ურთიერთობები. მისი თქმით, მნიშვნელოვანია თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მუშაობის წარმატებით დასრულება, ბიზნესის წარმომადგენლებს შორის კავშირების გაძლიერება, ასევე, ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაზრდა. მან, ასევე, ყურადღება გაამახვილა საპარლამენტო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.
შეხვედრაზე დადებითად შეფასდა სერბეთის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ჩამოყალიბება.
მხარეებმა განიხილეს გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის ბოლო განცხადება, რომლის მიხედვითაც ევროკავშირის მომავალ წევრებს შესაძლოა, არ მიენიჭოთ იგივე ხმის უფლება, როგორიც მოქმედ წევრებს აქვთ. მხარეებმა აღნიშნეს, რომ არსებული სიტუაციის ფონზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავება და ერთობლივი მიზნების დასახვა.
ალექსანდარ ვუჩიჩმა შალვა პაპუაშვილი სერბეთის რესპუბლიკაში მიიწვია.
შეხვედრაში, აგრეთვე, მონაწილეობა მიიღეს: პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სოზარ სუბარმა, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა, სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაულმა, სერბეთთან საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე ირაკლი მეზურნიშვილმა.
სერხიო რამოსი ილია თოფურიას მიმართავს
1781614560











