შალვა პაპუაშვილი: მოგისმენიათ ერთი სიტყვა, სადაც ევროკავშირის ელჩი, ევროკომისარი, ევროპარლამენტარის მძღოლი ან ევროპიდან ვიღაც მაინც იტყოდა, რომ პარლამენტის შენობის დაწვა მიუღებელია? ამას უნდა თვალის გახელა და თვალის გახელა არ უნდათ

შალვა პაპუაშვილი

შარშან, დეკემბერში ვნახეთ სახელმწიფოს დამხობის მცდელობა, რომელიც გარედან იყო მხარდაჭერილი. ვნახეთ პარლამენტის გადაწვის მცდელობა. საქართველოს უსაფრთხოების სისტემამ გადაარჩინა ეს ქვეყანა ქაოსს და იმ მოძალადეებს, რომლებიც პოლიციელებს თავს ესხმოდნენ დანით შეიარაღებულები, მოლოტოვის კოქტეილებს ესროდნენ, უნდოდათ ადამიანი ცოცხლად დაეწვათ და ევროკავშირის ელჩი გვეუბნება - მოდი ის ადამიანი, რომელიც სხვა ადამიანს ცეცხლს უკიდებს და წვავს, გაათავისუფლეო. ამას გვეუბნება დღეს ევროკავშირის ელჩი, როცა გვესაუბრება უსამართლოდ დაპატიმრებულებზე, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ეს არის ის ცივილიზაციური უფსკრული, რომელშიც ბრიუსელი თავისი მორალით აღმოჩნდა.

„მოგისმენიათ ევროკავშირის ელჩის მხრიდან ძალადობის ერთი დაგმობა მაინც, რომელიც შარშან დეკემბერში ხდებოდა? მოგისმენიათ ერთი სიტყვა, რომლითაც ევროკავშირის ელჩი, ევროკომისიის პრესსპიკერი, ევროკომისარი, ევროპარლამენტარი, ევროპარლამენტარის მძღოლი ან ვიღაც მაინც ევროპიდან იტყოდა, რომ პარლამენტის შენობის დაწვა მიუღებელია? ამ წინადადების ჩამოყალიბებას გამოძიება ხომ არ სჭირდება? მტკიცებულებების შეგროვება სჭირდება? მოწმეების დაკითხვა სჭირდება? ამას ხომ უბრალოდ უნდა, რომ ევროკავშირის ელჩმა თვალები გაახილოს და შეხედოს იმას, როგორ იწვოდა საქართველოს პარლამენტი და ერთი წინადადება ჩამოაყალიბოს, რომ საქართველოს პარლამენტის დაწვა არის მიუღებელი. აი ამ ოთხ სიტყვას რატომ ვერ ამბობს ევროკავშირის ელჩი, რომ საქართველოს პარლამენტის დაწვა მიუღებელია, რომ პრეზიდენტის რეზიდენციის ძალადობრივი შტურმი მიუღებელია? ამას უნდა თვალის გახელა და დღეს თვალის გახელა არ უნდა ევროკავშირის ელჩს, რომ დაგმოს ძალადობა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.