შალვა პაპუაშვილი - იტალიისა და ლუქსემბურგის პარლამენტების თავმჯდომარეებთან ვისაუბრეთ მიმდინარე საკითხებზე, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაზე, კოლეგებისგან მყარი მხარდაჭერა გვაქვს

 შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უნგრეთში ვიზიტის ფარგლებში იტალიისა და ლუქსემბურგის პარლამენტების თავმჯდომარეებს შეხვდა.

როგორც პაპუაშვილმა განაცხადა, კოლეგებთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებს, საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობებს.

„იტალიის პარლამენტის თავმჯდომარესთან ძალიან მეგობრული შეხვედრა გვქონდა. მას იტალიაში ვიზიტის დროსაც შევხვდი. ძალიან მყარი მხარდაჭერა გვაქვს ჩვენი კოლეგების მხრიდან. პარლამენტის თავმჯდომარეებთან საუბარი გვქონდა მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე, საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობაზე. იტალიის პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან მივიღეთ სრული მხარდაჭერის დაპირება, მათ შორის ჩვენი საერთო სურვილი, რომ პარლამენტს შორის ურთიერთობები ხელშემწყობი უნდა იყოს საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობის გაძლიერების. ამ მხრივ აბსოლუტური მხარდაჭერა და გვერდში დგომა გვაქვს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ბუდაპეშტში ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციაში მონაწილეობს.