შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირი რუსეთის ეკონომიკაში მეტ ფულს იხდიდა, ვიდრე უკრაინის დახმარებაში და ჩვენ გვექაჩებოდნენ, რომ ვყოფილიყავით ცეცხლის რკალის ნაწილი, ჩაგვეკეტა ყველაფერი

შალვა პაპუაშვილი

ჩვენ ოთხი წელი გვესმოდა, რომ რუსეთი მოქცეული ჰყავდათ იზოლაციაში, არ იყო არანაირი კონტაქტი, არანაირი ვაჭრობა, შემდეგ ვარკვევდით ნელ-ნელა, რომ ვაჭრობაშიც ყოფილან რუსეთთან, რუსეთის ეკონომიკაში უფრო მეტ ფულს იხდიდნენ, ვიდრე უკრაინის დახმარებაში, თურმე ლიეტუვა და ესტონეთი გამდიდრდნენ რუსეთში ალკოჰოლის გაყიდვით. საქართველოზე მეტ ალკოჰოლის ექსპორტს აწარმოებდნენ რუსეთში ქვეყნები, რომლებიც ერთ წვეთ ღვინოს არ აწარმოებენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ბოლო ათწლეულებში არაერთხელ გვინახავს დიდი ქვეყნების მხრიდან რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვის პოლიტიკა.

„აღარაფერს ვამბობ, რა ხდებოდა ისტორიულად. ევროპელები ჩვენ გვექაჩებოდნენ, უნდა ვყოფილიყავით ცეცხლის რკალის ნაწილი, ჩაგვეკეტა ყველაფერი – საზღვარი, ცა, საკუთარი თავი დაგვეზიანებინა, ომის წინაშე დავმდგარიყავით. მერე რაღა ურთიერთობების აღდგენის და ხელახალი საუბრის პოტენციალი გვექნებოდა. ვიქნებოდით დანგრეული, ნანგრევებში მოყოლილი ქვეყანა, როგორც ახლა უკრაინაა. რა ურთიერთობების აღდგენა, ქვეყანა წაშლილი იქნებოდა, რომ დაგვეჯერებინა მაშინ ევროპელებისთვის, რომლებიც თითქოსდა იზოლაციაში აქცევდნენ რუსეთს და ახლა ლაპარაკობენ, რომ ხელახლა დაიწყონ საუბარი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთან, პაპუაშვილმა ისაუბრა ევროკავშირის წუხანდელ გადაწყვეტილებაზე უკრაინისთვის სესხის გამოყოფის შესახებ.

„უკრაინას სესხს მისცემენ 90 მლრდ ევროს ოდენობით, რაც 100 მლრდ დოლარზე ცოტათი მეტია. წელიწადში ეს არის დაახლოებით 50 მლრდ დოლარი სესხი და დახმარება, რომელსაც აძლევენ უკრაინას. უკრაინის ბიუჯეტი არის დაახლოებით 100 მილიარდის ოდენობით. ასე რომ, ფაქტობრივად, ბიუჯეტის ნახევარი არის დეფიციტი. არახამია ამბობს, რომ ჯერ კიდევ 2022 წლის აპრილის სამშვიდობო შეთანხმება მისაღები იყო უკრაინისთვის. ეს შეთანხმება ევროპელებმა ჩააშლევინეს. გვახსოვს, ბორის ჯონსონი იყო კიევში ჩასული და თავად უკრაინის ხელისუფლებამ თქვა, რომ მისი მოწოდებით ჩაიშალა ეს შეთანხმება. ეს იყო უპასუხისმგებლობა. თავიდანვე ნათელი იყო, რომ რუსეთის სუვერენული აქტივების ჩამორთმევაზე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდნენ. აქაც შეუქმნეს ისეთი აღქმა უკრაინას, თითქოს ცოტაც და, ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ. საბოლოო ჯამში, თავად უწევს ევროკავშირს ახლა სესხის აღება. აქედან გამომდინარე, ერთი სექტორი ნამდვილად იქნება გამარჯვებული. ეს არის საფინანსო სექტორი. საფინანსო სექტორიდან 90 მლრდ ევროს ახლა ისესხებს ევროკავშირი და ამ სექტორში ვინ არიან წამყვანი კომპანიები,  მგონი, უკვე ყველასთვის ძალიან კარგად არის ცნობილი. ასე რომ, იმედია, ეს ომი ბოლოსკენ მიდის. ომის ბოლოსკენ კი ირკვევა, როგორი ფინანსური სარგებლის, როგორი ზიანის რუკა და როგორი გეოპოლიტიკური რუკა ლაგდება“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.