1751565886
საოკუპაციო რეჟიმი ცდილობს ჩვენი ქვეყნისა და რეგიონების წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე გავლენის მოხდენას, სისტემური ბოროტება მძაფრდება ჩვენი მოქალაქეების უკანონო დაკავებებით - ლევან მახაშვილი

სისტემური ბოროტების მიმდინარე გამოვლინებები, რომლებსაც რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტული რეჟიმი უწყობს ხელს, კიდევ უფრო ამწვავებს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, ლევან მახაშვილმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
„ქართველი ხალხი მტკივნეულად იცნობს ამ სირთულეებს. წლების განმავლობაში ქართველებმა გადაიტანეს ომები, ნგრევა, იძულებითი გადაადგილება და უამრავი საფრთხე, რამაც კულმინაციას მიაღწია ჩვენი ორი რეგიონის, აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაციით და რაც, სამწუხაროდ, დღემდე გადაუჭრელი რჩება. სისტემური ბოროტების მიმდინარე გამოვლინებები, რომლებსაც რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტული რეჟიმი უწყობს ხელს, კიდევ უფრო ამწვავებს ადგილზე არსებულ ვითარებას: ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ბავშვებს ეკრძალებათ ქართულ ენაზე განათლების მიღება. მრავალი ქართული ეკლესია, მათ შორის შუა საუკუნეებში აშენებული, ექვემდებარება გათეთრებას, თაბაშირს და სხვა სახის ცვლილებებს – ქმედებები, რაც ქართული კულტურული და რელიგიური მემკვიდრეობის განზრახ წაშლის ტოლფასია“, – განაცხადა მახაშვილმა.
მისი თქმით, ეს სისტემური ბოროტება კიდევ უფრო მძაფრდება საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების გატაცებებით და უკანონო დაკავებით, რაც საგანგაშო სიხშირით ხდება.
„ამ ქმედებით საოკუპაციო რეჟიმი ცდილობს, გავლენა მოახდინოს ჩვენი ქვეყნისა და რეგიონების წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე. მინდა, შევახსენო ყველა დამსწრეს, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის უკანონო ოკუპაცია წარმოადგენს საერთაშორისო სამართლისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას. ამით ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ვალდებულებას, გამოვიყენოთ ყველა საჭირო დიპლომატიური გზა ამ საკითხის სამართლიანი და მშვიდობიანი გადაწყვეტის მისაღწევად და ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად ჩვენს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – აღნიშნა დელეგაციის წევრმა.
მახაშვილის თქმით, ზოგიერთი ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციისგან განსხვავებით, საქართველო უსარგებლო რიტორიკას სცილდება და რეგიონული მშვიდობისკენ კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს.
„აღსანიშნავია, რომ, ზოგიერთი ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციისგან განსხვავებით, საქართველო უსარგებლო რიტორიკას სცილდება და რეგიონული მშვიდობისკენ კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს. მაგალითად, ჩვენ აქტიურად ვშუამავლობდით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. ჩვენ გულწრფელ მადლობას ვუხდით ჩვენს სომეხ და აზერბაიჯანელ მეგობრებს მათი გონივრული გადაწყვეტილებებისა და კონსტრუქციული ჩართულობისთვის, განსაკუთრებით მიმდინარე მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე. სამხრეთ კავკასიაში მშვიდობა და კეთილდღეობა რეგიონული უსაფრთხოების სასიცოცხლო მნიშვნელობის საყრდენია როგორც ადგილობრივი, ასევე უფრო ფართო მასშტაბით“, – განაცხადა მახაშვილმა.