1745440671
სალომე ზურაბიშვილმა და უჩა ნანუაშვილმა კეთილი უნდა ინებონ და პასუხი გასცენ კითხვებს, რატომ უნდოდათ უცხო ძალებისგან თანხების მიღება, ეს ყველაფერი რას უნდა მოხმარებოდა - არჩილ გორდულაძე

სალომე ზურაბიშვილს ჩანაწერში წამოსცდა, რომ ქვეყანაში მშვიდობიანად ხელისუფლების შეცვლა წარმოუდგენელიაო და თანხები ამისთვის სჭირდებოდათ, უჩა ნანუაშვილის სიტყვებიც იყო ძალადობრივ ჯგუფებზე, კეთილი ინებონ და პასუხი გასცენ, უცხო ძალებისგან მიღებული თანხები რას უნდა მოხმარებოდა, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
„ქურდს ქუდი ეწვისო“ – მეტი არაფერი შეგვიძლია, ვთქვათ. „ქართული ოცნების“ გუნდის წევრები როდესაც ვსაუბრობდით, რომ კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ გაერთიანებული ადამიანები უცხო ძალის დაკრულზე ცეკვავენ, ეს ყველაფერი, მათ შორის ვიდეოებითაც დაადასტურეს, რომ ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც უცხოელებს თანხებს სთხოვენ, რათა შემდეგ ჩვენს ქვეყანაში არეულობა მოაწყონ. მათ შორის სალომე ზურაბიშვილსაც იმ ჩანაწერში წამოსცდა, რომ ამ ქვეყანაში მშვიდობიანად ხელისუფლების შეცვლა წარმოუდგენელიაო და თანხები ამისთვის სჭირდებოდათ. უჩა ნანუაშვილის სიტყვებიც იყო ძალადობრივ ჯგუფებზე, რომლებიც სხვადასხვა ადგილას იყო მობილიზებული. ამ ადამიანების მიმართ კითხვები არსებობს, კეთილი უნდა ინებონ და საზოგადოებას პასუხი გასცენ, ამ თანხებს საიდან იღებდნენ და რატომ უნდოდათ უცხოეთიდან, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისგან და უცხო ძალებისგან თანხების მიღება, ეს ყველაფერი რას უნდა მოხმარებოდა.
ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ უცხოური დონორების მიერ ჩვენს ქვეყანაში ფინანსდებიან პირები, მათ შორის კოლექტიურ „ნაცმოძრაობასთან“ პირდაპირ დაკავშირებული ადამიანები და მათი წევრები, რიმლებიც ჩვენს ქვეყანაში არეულებას აწყობენ. ყოველ შემთხვევაში, ამის მცდელობები აქვთ და ამაზე დონორებს პასუხისმგებლობის აღება არ უნდათ. ახლა კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ დიახ, უცხოური თანხები ჩვენს ქვეყანაში გამოიყენება ან უნდათ, რომ გამოყენებული იყოს არეულობის მოსაწყობად, მათ შორის ეკონომიკური ჩამოშლისთვის, რომ შემდეგ შეძლონ და კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და აგენტები ხელისუფლებაში მოიყვანონ. ეს იმის მაგალითია, როგორ შეიძლება, ადამიანმა საკუთარი თავის მამხილებელი ჩვენება მისცეს“, – განაცხადა გორდულაძემ.
გორდულაძემ კომენტარი გააკეთა ყოფილი სახალხო დამცველის, არასამთავრობო ორგანიზაციის, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელის, უჩა ნანუაშვილის დღევანდელ განცხადებაზე, სადაც ნანუაშვილი ადასტურებს იმ პირებთან საუბარს, რომლებიც გარი კასპაროვის სახელით დაუკავშირდნენ, თუმცა ამბობს, რომ საუბრის თარგმანი დამახინჯებულია.
„უჩა ნანუაშვილმა თავისი განცხადებით ერთგვარად დაადასტურა, რომ მას ჰქონდა საუბარი პრანკერებთან და ასეთი საუბარი შედგა. ნაწილობრივ უარყო, ნაწილობრივ დაეთანხმა, რომ იგი ითხოვდა თანხებს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში გაურკვეველი მიზნებით უნდა გამოყენებულიყო. ეს გაურკვეველი მიზნები, რომ კეთილი საქმისთვის არ იქნებოდა გამოყენებული, ძალიან კარგად ვიცით. ქართულმა საზოგადოებამ ეს ყველაფერი პრაქტიკაში ნახა, უცხოური თანხებით როგორ ფინანსდება სიძულვილის ენა, „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლები და შემდეგ მისი რომანტიზებები. დონორების მიერ გაცემული თანხებით, მათ შორის გადახდილია ხოლმე ჯარიმები. ის ჯარიმები, რომლებიც პრევენციული მექანიზმიდან გამომდინარე საზოგადოებას და კანონდამრღვევებს სამართალდარღვევის არჩადენისკენ უნდა მოუწოდებდეს, მაგრამ რეალურად თანხები გამოიყენება პირიქით, დარღვევების წახალისებისთვის. უჩა ნანუაშვილს კარგად აქვს კითხვებზე პასუხი გასაცემი, რას რატომ საუბრობდა და თანხები რაში უნდოდა, მათ შორის იმ ადამიანებისგან, რომლებიც ჩვენი ქვეყნისთვის რამდენად კეთილი სურვილებით არიან განწყობილი, ამაზე დიდი კითხვის ნიშანი არსებობს“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
სოციალურ ქსელებში გუშინ გავრცელდა ვიდეო, რომლის მიხედვითაც, რუსი პრანკერები სალომე ზურაბიშვილს და უჩა ნანუაშვილს დაუკავშირდნენ და გაეცნენ, როგორც გარი კასპაროვის წარმომადგენლები. ვიდეოს მიხედვით, ნანუაშვილი და ზურაბიშვილი საქართველოში არსებული ვითარებაზე თავიანთ მოსაზრებებს გამოთქვამენ. ვიდეოს მიხედვით, საუბარია აგრეთვე უცხოეთიდან მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებაში არსებულ პრობლემაზე.