1792663955
საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა „ლელოს“ შუამდგომლობა, ხუთი პარტიის აკრძალვაზე სარჩელი საკონსულტაციო დასკვნისთვის სტრასბურგში გაეგზავნათ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა „ლელო – ძლიერი საქართველოს“ შუამდგომლობა სტრასბურგის სასამართლოსთვის საკონსულტაციო დასკვნისთვის მიმართვასთან დაკავშირებით.
„ლელოს“ წარმომადგენლის, გიორგი სიორიძის თქმით, მნიშვნელოვანი იქნებოდა, პრეცედენტულ საქმეზე ყოფილიყო სტრასბურგის სასამართლოს საკონსულტაციო დასკვნა, რა სტანდარტები შეიძლება არსებობდეს კონვენციის უფლებებთან მიმართებით.
როგორც „ლელოს“ წარმომადგენელმა განმარტა, შუამდგომლობის საფუძველია ის, რომ არ არსებობს მსოფლიოში პრაქტიკა, ხუთი პარტია ერთი სარჩელით იკრძალებოდეს.
„საკონსულტაციო დასკვნით თუ მიმართავთ, იქნება მთავარი კითხვა – ერთობლივი სამართალწარმოება როცა მიმდინარეობს სხვადასხვა მოპასუხეზე, რომლებთაც აქვთ სხვადასხვა კონსტიტუციური ბრალი, რაც ბუნდოვანია, რა სტანდარტი უნდა იქნას გამოყენებული? მნიშვნელოვანი იქნებოდა, პრეცედენტულ საქმეზე გვქონდეს სტრასბურგის სასამართლოს საკონსულტაციო დასკვნა. მივმართოთ იმასთან დაკავშირებით, რა სტანდარტები შეიძლება არსებობდეს კონვენციის უფლებებთან მიმართებით“, – განაცხადა გიორგი სიორიძემ.
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა ადგილზე თათბირით იმსჯელა და დაადგინა, რომ აღნიშნული შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდეს. კოლეგიის თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ გადაწყვეტილების მიზეზები განმარტა.
„შუამდგომლობა მოტივირებულია იმით, რომ არ ენდობიან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, ის, რომ მნიშვნელოვანია და უნდა დადგინდეს კრიტერიუმები, რაც დადგენილია. არსებობს კრიტერიუმები, რითაც უნდა იხელმძღვანელოს საკონსტიტუციო სასამართლომ. ის, რომ მხარე აცხადებს, მე არ ვენდობი საკონსტიტუციო სასამართლოს, მით უმეტეს, პროცედურულ ნაწილში, საერთოდ დაუსაბუთებელია.
გავიგეთ, ობიექტურად, საქმე არის მნიშვნელოვანი, პირველი პრეცედენტია, მაგრამ ამ საფუძვლით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმის საკონსულტაციოდ გადაგზავნა, სრულიად დაუსაბუთებელია. უფლებებთან მიმართებით ითვალისწინებს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონი ნამდვილად, საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით გათვალისწინებულ უფლებებთან მიმართებით. რაც შეეხება პროცედურულ ნაწილს, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ჰკითხოს ეროვნულმა სასამართლომ, შეიძლება თუ არა, ერთად იყოს მოპასუხედ ხუთი პარტია, ცოტა არ იყოს, უხერხულიც არის“, – განაცხადა რევაზ ნადარაიამ.
შუამდგომლობაზე საკონსტიტუციო სასამართლოს უარის შესახებ განმარტება გააკეთა მოსამართლე ევა გოცირიძემაც. ევა გოცირიძის თქმით, მთავარი, რასაც ეფუძნება საკონსტიტუციო სასამართლოს უარი, არის, რომ მხოლოდ ისეთი საკითხების დაყენება შეიძლება, რაზეც სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში არ არსებობს ცხადი პასუხი.
ევა გოცირიძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა საქმეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს განსახილველად, თუ მართლაც არსებობს გაურკვევლობა პრეცედენტული სამართლის მიდგომებში. ევა გოცირიძის თქმით, მისთვის ძალიან კარგად არის ცნობილი, რა ზოგად მიდგომებს იყენებს სტრასბურგის სასამართლო.
„კონვენციის მე-16 ოქმით გათვალისწინებული საკონსულტაციო დასკვნით მიმართვის უფლება, ცხადია, გათვალისწინებულია. მართლაც, საკონსტიტუციო სასამართლო, უზენაეს სასამართლოსთან ერთად, არის ის უმაღლესი ინსტანციის სასამართლო, რომელსაც შეუძლია, კონვენციის განმარტებასთან და გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხზე მიმართოს სტრასბურგის სასამართლოს. პროცედურის ფარგლებშიც სასამართლოს დიდი პალატა გამოსცემს საკონსულტაციო დასკვნას, რომელიც არის სარეკომენდაციო ხასიათის. თუმცა, ჩვენ უნდა ვიცოდეთ ზუსტად, რას ნიშნავს ეს პროცედურა და რა ფარგლებს გულისხმობს ამ დასკვნის მიცემა. პირველ რიგში, თუ ასე გვაქვს წარმოდგენილი, რომ ჩვენ ნებისმიერ საკითხს ზოგადად და თეორიულად დავაყენებთ და სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა აქ მეცნიერულ გამოკვლევას დაგვიწერს, მოგვცემს სახელმძღვანელო მითითებებს პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით, პროპორციულობასთან დაკავშირებით, თუ სხვა ნებისმიერ სამართლებრივ საკითხთან დაკავშირებით, ეს მცდარი წარმოდგენაა. სტრასბურგის სასამართლო ყოველთვის, ყოველ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით მსჯელობს. პირდაპირ არის ჩაწერილი კონვენციის მე-16 ოქმში, რომ იმ კონკრეტული საქმისთვის უნდა იყოს არსებითი მნიშვნელობის მქონე და იმ კონკრეტული საქმის გარემოებები უნდა გადაეგზავნოს სტრასბურგის სასამართლოს. ეს ცალკე საკითხია. მთავარი, რასაც ეფუძნება საკონსტიტუციო სასამართლოს უარი, არის, რომ მხოლოდ ისეთი საკითხების დაყენება შეიძლება, რაზეც სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში არ არსებობს ცხადი პასუხი. არ დაგიმალავთ და მეც და ჩემი კოლეგებიც მიჩვეული ვართ, საქმე პასუხისმგებლობით გავაკეთოთ, სტრასბურგის სასამართლოს აბსოლუტურად ყველა საქმე ვნახე, რომელიც შეეხებოდა პარტიების აკრძალვას და ჩემთვის პირადად ძალიან კარგად არის ცნობილი – დარწმუნებული ვარ, ასევე არიან ჩემი კოლეგები – რა ზოგად მიდგომებს იყენებს სტრასბურგის სასამართლო, რას ნიშნავს გამოხატვის თავისუფლება, შეზღუდვის საფუძვლები რა შეიძლება იყოს, აკრძალვის საშიშროება, როგორ ხდება ფაქტების მიკუთვნება, რას ნიშნავს გამიჯვნის ვალდებულება, ასე ვთქვათ, განცხადების მიმართ, როდის წარმოეშვება პარტიის ერთ წევრს მეორე წევრის მიმართ ამ წევრის მიერ გაკეთებული განცხადებებისადმი გამიჯვნის ვალდებულება, პარტიის მხარდამჭერის განცხადებები როდის შეიძლება შეერაცხოს ან არ შეერაცხოს ამ პარტიას, ყველა ეს თემები არის კარგად დამუშავებული პრეცედენტულ სამართალში. ჩემთვის ამ ეტაპზე არ არსებობს კითხვები, რომლებზეც შეიძლება, დავსვა. ანუ, ისეთ საკითხებზე უნდა ვკითხოთ, რომელზეც არ არის ცხადი პასუხი და ამჯერად ჩემში არ არის ასეთი კითხვა, რომელიც ჩემთვის იყოს ბუნდოვანი. მეტიც, ჩვენთვისაც რომ იყოს ბუნდოვანი და ვკითხოთ სტრასბურგის სასამართლოს, თვითონ სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა უნდა დარწმუნდეს, რომ მართლაც გაურკვევლობა არის პრეცედენტული სამართლის მიდგომებში, სწორედ იმ საკითხში, რომელიც დავაყენეთ, გაურკვევლობა არის და თვითონ უნდა დარწმუნდეს, რომ დიახ, ამ საქმეში მეტი გარკვეულობა იქნებოდა სწორი. მხოლოდ ამ შემთხვევაში მიიღებს დიდი პალატა საქმეს განსახილველად.
მეტსაც გეტყვით, კონკრეტულად მე-16 ოქმთან დაკავშირებული საკითხი ჩემი პროფესიული ინტერესის საგანიც იყო და ამ სფეროშიც ძალიან კარგად მაქვს გამოკვლეული, ყველა საქმე ვიცი, რაც იყო დაყენებული – სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის, სომხეთის საკონსტიტუციო, სომხეთის უზენაესი, საფრანგეთის საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები და ვიცი, რა შემთხვევაში იღებს სტრასბურგის სასამართლო განსახილველად და რა შემთხვევაში არ მიღებს. შემიძლია, გითხრათ, რომ ამ სფეროში ჯერჯერობით, იმ საქმესთან დაკავშირებით, რომელსაც ჩვენ ვიხილავთ, მე ვერ მოვიფიქრებ ისეთ შეკითხვას, რომელიც შეიძლება, დავსვა სტრასბურგის სასამართლოს წინაშე და ისიც დარწმუნდეს, რომ დიახ, ამაზე სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში პასუხი არ არსებობს. გარდა იმისა, რომ ამ კონკრეტულ თემატიკაზე არსებობს საკმარისი, ფართო პრაქტიკა და ჩამოყალიბებული მიდგომები, რომელსაც თქვენ ყველა კონკრეტულ საქმეში შეხვდებით, არსებობს სხვა დამატებითი კონცეფციები, რომელსაც სტრასბურგის სასამართლო იყენებს და ამ კონცეფციების ერთობლივი გამოყენების შედეგადაც, საშუალო დონის იურისტსაც კი შეუძლია, გამოიტანოს დასკვნა, რა და როგორ შეიძლება, გადაწყდეს ამ საკითხთან დაკავშირებით.
ისიც მინდა, გითხრათ, ამ შემთხვევაში პირად მოსაზრებას მოგახსენებთ – ჩემში ისედაც ძალიან დიდ ეჭვს იწვევს ეს იურისდიქცია, რომელიც იქნა შემოღებული ლუქსემბურგის იურისდიქციის პარალელურად და იმისი ანალოგის კონტექსტში. იქ ეს მეტად გასაგები იყო, რადგან ევროკავშირი საერთო რეგულაციებს ექვემდებარება და აქ მსგავსი ვითარება არ გვაქვს. ფაქტობრივად, საქმე გვაქვს ისეთ ვითარებასთან, როდესაც ეროვნული უმაღლესი ინსტანციის სასამართლო საერთაშორისო სასამართლოს კონკრეტულ საქმეზე ეკითხება, რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ჩემი პირადი აზრია, რომ ეს არის სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფა, მათ შორის სუვერენიტეტის დარღვევაც კი. თავის დროზე, მე ხელისუფლებაც კი გავაკრიტიკე, რომ ამ ოქმის რატიფიცირება მოახდინეს. მეტსაც გეტყვით, ძლივს იქნა მოგროვებული ათი ქვეყანა, რომელმაც ამ ოქმს ხელი მოაწერა და ძალიან ბევრი და დიდი ქვეყანა დასავლეთ ევროპიდან, გერმანია, გაერთიანებული სამეფო, თუ სხვა, ამ ოქმს არ მიუერთდნენ. ფაქტობრივად, მხოლოდ აღმოსავლეთ ევროპის პატარა ქვეყნები არიან ამ ოქმს მიერთებული“, – განაცხადა მოსამართლე ევა გოცირიძემ.
ამავდროულად, ევა გოცირიძემ აღნიშნა, რომ სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის საკონსულტაციო დასკვნას მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი აქვს და არ არის სავალდებულო, სასამართლო მას დაექვემდებაროს.
„კიდევ ერთი, ბრძანეთ, თითქოს ეს საჭიროა ნდობისთვის. დიდი პალატის საკონსულტაციო დასკვნა არ არის და ვერც იქნება სავალდებულო. მას აქვს სარეკომენდაციო ხასიათი. ახლა წარმოვიდგინოთ, რომ რაღაც კიდეც მიიღოს და კიდეც გარკვეული დასკვნა მოგვცეს, სასამართლო არ არის ვალდებული, დაექვემდებაროს. თუ არ დაექვემდებარა, ამას რა მოჰყვება? მოჰყვება მთელი აჟიოტაჟი, აი, სტრასბურგის სასამართლომ ასე ბრძანა და ეროვნული საკონსტიტუციო სასამართლო მას არ დაექვემდებარა. ეს ნდობის საკითხებს ხელს შეუწყობს, თუ უფრო გააუარესებს? თუ დაექვემდებარა, მაშინ მეორე მხარე იტყვის, აი, საკუთარი შეხედულებით კი არ იმოქმედა, სხვისი აზრით მოქმედებს. ყველა შემთხვევაში, ამას ექნება ძალიან ნეგატიური ეფექტი. ეს არის ჩემი პირადი აზრი.
მთავარი არგუმენტი არის, რომ ისეთ საკითხზე შეიძლება, დააყენო, რომელზეც არ არსებობს ცხადი და ზუსტი პასუხი, თვითონ სტრასბურგის სასამართლო უნდა დარწმუნდეს, რომ ამაზე მართლაც არ არსებობს ცხადი პასუხი და საჭიროდ მიიჩნიოს დამატებითი განმარტებების გაკეთება კონკრეტულ საქმესთან მიმართებით“, – განაცხადა ევა გოცირიძემ.
საკონსტიტუციო სასამართლო მეორე დღეა, განიხილავს „ქართული ოცნების“ კონსტიტუციურ სარჩელს, რომლითაც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელოს“, „ფედერალისტების“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა.
სხდომაზე ამ წუთებში შესვენებაა გამოცხადებული.











