საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მკვიდრდებოდა ეს ერთგვარი ნარატივი, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ შეიძლებოდა კანონით, კონსტიტუციით აკრძალული საქმიანობა გეწარმოებინა - ირაკლი ქადაგიშვილი

ირაკლი ქადაგიშვილი

 ​„გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებას და თანმდევ კანონპროექტებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, მეორე მოსმენით ხვალ განიხილავენ და კენჭს უყრიან. კონსტიტუციური წყობილებისა და კონსტიტუციური ორგანოების სისტემატური არაღიარება სისხლის სამართლის წესით დაისჯება.

კოდექსს ემატება ახალი მუხლი - ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ. დასჯადი ხდება არა მხოლოდ ხელისუფლების დამხობის მცდელობა ან ამისკენ საჯარო მოწოდება, არამედ ამ ქმედებისთვის ნიადაგის მომზადებაც. ასევე ზუსტდება გრანტის განმარტება და დასჯადი ხდება გარე ლობიზმიც. როგორც მმართველ გუნდში ამბობენ, ცვლილებები ემსახურება ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერებას და სრულად შეესაბამება კონსტიტუციასა და ევროპულ პრაქტიკას.

„საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მკვიდრდებოდა ეს ერთგვარი ნარატივი, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ შეიძლებოდა გეწარმოებინა ისეთი საქმიანობა, რომელიც კანონით, კონსტიტუციით აკრძალულია, მათ შორის ქვეყნის საშინაო საქმეში, არჩევნებში უხეში ჩარევა. სინამდვილეში, ვიხილეთ, რომ ეს ყოფილა ქვეყნის შიგნით უცხო ძალების მიერ ისეთი ტიპის ჩარევა, რომ მათ საზოგადოების მანიპულაცია განახორციელონ“, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.