მძიმე ავარია სანაპიროზე - მოტოციკლი მანქანას შეეჯახა
1753282994
ცენტრალურმა ხელისუფლებამ მუნიციპალიტეტს თიანეთის გზატკეცილზე მდებარე მიწის ნაკვეთი გადასცა, რომელსაც სამომავლოდ განავითარებს, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
მისი თქმით, მიწის ნაკვეთი წინა ხელისუფლების დროს 20 წლის ვადით გასხვისდა და დღეს იქ მძიმე მდგომარეობაა.
„ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ სპორტული მოედნების, რეკრეაციული სივრცეების არსებობას დედაქალაქში. ყველა მსგავსი ტიპის პროექტის განხორციელების დროს გათვალისწინებულია სპორტული არეალების მოწყობა, რადგან ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია. წლების წინ, 2012 წლამდე იყო ძალიან მავნე პრაქტიკა, როდესაც სპორტულ მოედნებს ასხვისებდნენ და იქ საცხოვრებელ კორპუსებს აშენებდნენ. ასევე, ხდებოდა პარკების და სკვერების გასხვისება, რაც ძალიან მძიმეა. ჩვენ დამოკიდებულება აბსოლუტურად შევცვალეთ. ქალაქი ვითარდება. მშენებლობები მიმდინარეობს, მაგრამ ეს ყველაფერი ხდება ურბანულად სწორად და არა სპორტული მოედნებისა და მწვანე სივრცეების ხარჯზე.
სახელმწიფომ რამდენიმე დღის წინ მუნიციპალიტეტს საკუთრებაში გადმოსცა გლდანში, თიანეთის გზატკეცილის N37ა-ში მდებარე 23 789 კვ.მ მიწის ნაკვეთი. გლდანში მცხოვრებ მოსახლეობას კარგად ეცოდინება ე.წ. ამერის სტადიონი, სადაც ადრე ორი სპორტული მოედანი იყო. 2004 წელს, წინა ხელისუფლების დროს აღნიშნული ტერიტორია 20 წლის ვადით გადაეცა კერძო მესაკუთრეს და მას მოვლა-პატრონობისა და განვითარების არანაირი ვალდებულება არ ჰქონია. დღეს იქ ძალიან მძიმე მდგომარეობაა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, დედაქალაქის მერმა ცენტრალურ ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა აღნიშნული ტერიტორიის მუნიციპალიტეტისთვის გადაცემისთვის.
„პირველ რიგში, მინდა, ცენტრალურ ხელისუფლებას, სპორტის სამინისტროს, მინისტრ შალვა გოგოლაძეს მადლობა გადავუხადო, რომ აღნიშნული ინფრასტრუქტურა მერიას გადმოეცა. ჩვენ გლდანის მოსახლეობას ვპირდებით, რომ ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო სავარჯიშო კომპლექსი, რომელიც მთლიანად რეაბილიტირდება, თავისი ახალი საფარით, შესაბამისი ინფრასტრუქტურით, გასახდელებით, საშხაპეებით და ა.შ. ტერიტორია მთლიანად გამწვანდება და განახლდება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.