როდესაც საქართველოში აქამდე პარტია არ აკრძალულა, უკრაინაში დაახლოებით 20 პარტიაა აკრძალული, 5 პარტიამდეა აკრძალული მოლდოვაში და გვეუბნებიან, რომ ისინი ჩვენზე მეტად იმსახურებენ ევროინტეგრაციას – ირაკლი შატაკიშვილი

ირაკლი შატაკიშვილი

როდესაც საქართველოში აქამდე პარტია არ აკრძალულა, უკრაინაში დაახლოებით 20 პარტიაა აკრძალული, 5 პარტიამდეა აკრძალული მოლდოვაში და გვეუბნებიან, რომ ისინი ჩვენზე მეტად იმსახურებენ ევროინტეგრაციას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი შატაკიშვილმა.

წამყვანმა ჰკითხა, ოპოზიციური პარტიების აკრძალვით, რასაც „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოში ითხოვს, ქვეყანაში დემოკრატიული მდგომარეობა გაუმჯობესდება თუ გაუარესდება, ვინაიდან ოპონენტების მთავარი არგუმენტი არის ის, რომ საბოლოო ჯამში ქვეყანაში დიქტატურა მყარდება.

„როგორ შეიძლება ამაზე რაიმე სერიოზული განცხადება გავაკეთოთ?! კონსტიტუციური გარანტიები, ჩანაწერები, უფლებები გვაქვს იმისა, რომლის რეალიზებასაც ვახდენთ. ამას ანტიდემოკრატიულ პროცესთან კავშირი არ აქვს. მხოლოდ ეგენი არიან ოპოზიციაში და სხვა არავინ არ არის?! ბარიერგადალახულები თუ იყვნენ, ჰქონდათ შესაძლებლობა, რა პასუხისმგებლობაც აიღეს ამომრჩევლის წინაშე, ზუსტად შეესრულებინათ - შემობრძანებულიყვნენ პარლამენტში და გამოეყენებინათ საპარლამენტო ტრიბუნა და არა ის რადიკალური გზები, რომელთაც ისინი მიმართავენ.

მაშინ, როდესაც უკრაინაც, საქართველოც და მოლდოვაც არიან ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნები და ერთმანეთს ადარებენ, ევრობიუროკრატიის ორმაგი სტანდარტია, რომ როდესაც საქართველოში აქამდე პარტია არ აკრძალულა, უკრაინაში დაახლოებით 20 პარტიაა აკრძალული, 5 პარტიამდეა აკრძალული მოლდოვაში და გვეუბნებიან, რომ ისინი ჩვენზე მეტად იმსახურებენ ევროინტეგრაციას“, - აღნიშნა შატაკიშვილმა.

✕