რატი იონათამიშვილი უკრაინასთან დაკავშირებით გაერო-ს რეზოლუციაზე, რომელსაც მხარი საქართველომაც დაუჭირა: ჩვენი ქვეყანა სწორი პოზიციით მხარს უჭერს უკრაინას იქ, სადაც ეს მას ყველაზე მეტად სჭირდება

რატი იონათამიშვილი

სინამდვილეში საქართველო ომს მხარს არ უჭერს, ხოლო უკრაინელი ხალხის მხარეს ყოველთვის იქნება, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა.

დეპუტატი გამოეხმაურა უკრაინასთან დაკავშირებით გაერო-ს რეზოლუციაზე, რომელსაც მხარი საქართველომაც დაუჭირა.

„ჩვენი ქვეყანა იკავებს ყოველთვის სწორ პოზიციას. რასაკვირველია, ამ სწორი პოზიციით მხარს უჭერს უკრაინას იქ, სადაც ეს მას ყველაზე მეტად სჭირდება. ეს გადაწყვეტილებაც [რეზოლუციის მხარდაჭერა] სწორედ ამისი დასტურია. ამ ყველაფრის ფონზე კიდევ ერთხელ ჩანს, რომ ხშირ შემთხვევაში, ის ევრობიუროკრატები იქნებიან, თუ სხვადასხვა საერთაშორისო აქტორები, რომლებიც სინამდვილეში უკრაინას კი არ უჭერენ მხარს, ომს უჭერენ მხარს, შემდეგ გამოდიან და საქართველოს აკრიტიკებენ. სინამდვილეში საქართველო ომს მხარს არ უჭერს, ხოლო უკრაინელი ხალხის მხარეს ყოველთვის იქნება“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ რეზოლუცია მიიღო - დოკუმენტს მხარი 79-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ დაუჭირა.