„გაიცანით ყველაზე სერიოზული მეჯვარე...“ - ნუცა ბუზალაძე ფოტოს აქვეყნებს
1749497568
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ეხმაურება ზაზა შათირიშვილის წერილს, რომელიც ეხება „დიფ სთეითის“ (იგივე ოლიგარქიული ოჯახების) მოქმედებებს. ქართველიშვილი ვრცელ პოსტს აქვეყნებს და აცხადებს, რომ ის საზოგადოებას, თემის მეტ დეტალიზაციას სთავაზობს.
„რამდენიმე დღის წინ, ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა გამოაქვეყნა წერილი, სადაც ის საინტერესოდ, სრულყოფილად აანალიზებს „დიფ სთეითის“ (იგივე ოლიგარქიული ოჯახების) მოქმედებებს, მათ გეგმებს და ფაქტებზე დაყრდნობით ვარაუდობს, რომ უახლოეს პერიოდში ეს ოჯახები საბოლოოდ გააქრობენ სახელმწიფოს ცნებას და მათ მიერ კონტროლირებად ქვეყნებში კორპორაციულ მმართველობას დააკანონებენ, რაც თავის მხრივ პირდაპირ ნიშნავს მათი მმართველობის ლეგალიზებას.
ამ წერილის წაკითხვის შემდეგ გამიჩნდა სურვილი, საზოგადოებას შევთავაზო თემის კიდევ უფრო დეტალიზაცია და რამდენიმე ახალი მიმართულების დამატება, რაც ერთადერთ მიზანს ემსახურება - კიდევ უფრო ბევრი და უტყუარი მტკიცებულებებით გავამყარო ფილოსოფოსის დასკვნა, რომ „დიფ სთეითი“ მიზანმიმართულად და გეგმაზომიერად მიდის სახელმწიფო ინსტიტუციების გაუქმებისა და კორპორაციული მმართველობის დაკანონებისკენ. პირადად მე, თავიდანვე სკეპტიკურად ვუყურებდი მოსაზრებას, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია შეძლებდა და დაამარცხებდა სახელმწიფო სტრუქტურებში მყარად ფესვგადგმულ „დიფ სთეითს“, მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხზე საუბარი ჯერ კიდევ არჩევნებამდე ორი წლით ადრე დაიწყო დონალდ ტრამპმა და საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთ მთავარ ხაზად აქცია. უფრო მეტიც, თავიდანვე ცხადი იყო, რომ ეს ტრიუკი სწორედ ოლიგარქიული ოჯახების მიერ იყო მოფიქრებული, რადგან ბოლო წლებში იმდენად ბევრი დეტალი გახდა საჯარო მათი არაფორმალური მმართველობისა და გეგმების თაობაზე, რომ თავადაც სერიოზული დისკომფორტი შეექმნათ. ინფორმაციის გავრცელებამ ოჯახებს ასევე დაბრკოლებები გაუჩინა მანევრირების პროცესში და იძულებულნი გახდნენ, თავადვე შეექმნათ ილუზია „დიფ სთეითის“ დამარცხების აუცილებლობის თაობაზე. ზოგადად, მსოფლიოზე ჰეგემონიის მქონე ოჯახები ხშირად იყენებენ მეთოდს, როდესაც მათივე დავალებებით გაფუჭებულ საქმეს მათივე მართული სხვა ადამიანების საშუალებით აკრიტიკებენ და ამის ნათელი მაგალითი არის დღევანდელი ევროპა. ცხადია, ერთი შეხედვით ამ ალოგიკურ ქმედებასაც აქვს თავისი ლოგიკური მიზანი და შემდგომი მსჯელობით სწორედ ეს პარადოქსი ამოიხსნება.
საზოგადოებამ კარგად იცის, რომ დღეს ევროპის ქვეყნების 90%-ს „დიფ სთეითის“ აგენტურა მართავს. სწორედ მათი ხელით, ოლიგარქიულმა ოჯახებმა მიწასთან გაასწორეს როგორც ევროპის კავშირი, ასევე ცალკეული ქვეყნები. წლების წინ, როდესაც გეგმა მოქმედებაში მოვიდა - უმთავრესი მიზანი ევროპული ქვეყნების გადაგვარება იყო: გადაგვარება პოლიტიკური, ეთნიკური, რელიგიური, ზნეობრივი და ეკონომიკური თვალსაზრისით. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა მათი დავალებით, აგენტურული მთავრობების ხელით გადადგმული ყველა ნაბიჯი, რამაც საბოლოო ჯამში ევროპა კატასტროფის პირას მიიყვანა.
ქრისტიანული იდეოლოგია, რაზეც თავის დროზე ევროპულმა ქვეყნებმა კავშირი დააფუძნეს, დღეს არც ერთ ქვეყანაში აღარ არსებობს. რელიგია კი ფსევდოლიბერალურმა, ეგრეთ წოდებულმა ლგბტ-იდეოლოგიამ ჩაანაცვლა. წლების განმავლობაში ცხოვრების გაუკუღმართებული წესის პროპაგანდამ, ხელოვნურად შემოგდებულმა „უმცირესობების“ თემის პედალირებამ, ასევე „დიფ სთეითის“ მიერ კონტროლირებადი მედიის საშუალებით დააყენა შედეგი, რომელიც დღეს ევროპაში მოცემულობაა: ეკლესია ლგბტ კლუბებმა ჩაანაცვლეს, საეკლესიო რიტუალები კი - ლგბტ აღლუმებმა. მიზანმიმართულად დაანგრიეს ევროპის ეკონომიკა, რიგ ქვეყნებს ასევე შემოგდებული „კლიმატის დაცვის“ ეგიდით უარი ათქმევინეს ატომურ ენერგიაზე, ხოლო რუსეთთან ასევე ხელოვნურად გამოწვეული კონფლიქტებით გადაუკეტეს ხელმისაწვდომი ენერგორესურსები, ბოლოს კი საკვანძო მილსადენიც ააფეთქეს, რომელსაც ევროპის კონტინენტი ენერგომომარაგებით უნდა უზრუნველეყო. ამ ფაქტის სამტკიცად, შეგვიძლია მოვიყვანოთ ორი დღის წინ მედიაში გამოჟონილი ევროკომისიის სკანდალური დოკუმენტები, რომლითაც ცნობილი გახდა, რომ სწორედ ევროკომისია იყო ჩართული იმ აგენტურის ფარულ დაფინანსებაში, რომლებიც "მწვანეებად", "კლიმატის დამცველებად" გვევლინებოდნენ და ევროპაში იაფი ენერგიის წინააღმდეგ გამოდიოდნენ, აპროტესტებდნენ ქვა-ნახშირსა და ატომურ ენერგიაზე მომუშავე ელექტროსადგურებს და საბოლოოდ, დავალება ზედმიწევნით შეასრულეს - ევროპის ქვეყნების უდიდეს ნაწილს, მათ შორის ეკონომიკის მამოძრავებელ გერმანიას, მათივე მოგონილი მიზეზებით უარი ათქმევინეს იაფ, მარტივად ხელმისაწვდომ ენერგორესურსზე.
ზუსტად ანალოგიური სქემით მოქმედებდა "დიფ სთეითი" საქართველოშიც და რადგან ჩვენ ატომურ ენერგიასთან კავშირი არ გვქონია - ოლიგარქებმა ეგრეთ წოდებული "მწვანეები", რეალურად კი, მათი აგენტურა, სხვა იაფი ენერგორესურსის, ჰესების წინააღმდეგ აამხედრეს. გვახსენდება ხუდონჰესი, ნამოხვანი, ნენსკრა და ცნობილი მოვლენები ლაფანყურში „ლოპოტა 1“-ის მშენებლობის წინააღმდეგ - ჰესები, რომელთა განახლებადი, სუფთა ენერგია, უარგუმენტოდ აღიზიანებდა გაურკვეველ ხალხს, რომლებმაც დიდი კამპანია აწარმოეს, ქვეყნის დაზიანებაც მოახერხეს და ბევრი ჰესის მშენებლობა რამდენიმე წლით შეაფერხეს. ახლა კი გასაგებია - ოლიგარქიული ოჯახების ინტერესებში შედის, რომ იაფი ენერგია ჩვენს ქვეყანას არ ჰქონოდა და სწორედ ევროკომისიის ხელით აფინანსებდნენ ჰესების წინააღმდეგ გამომსვლელ აგენტურას, რადგან გაღარიბებული და დანგრეული ეკონომიკაა იმის საწინდარი, რომ „ბლექ როკის“ სახით, კორპორაციული მმართველობა დამყარდეს ქვეყანაში.
ამის პარალელურად, ევროპიდან ხელოვნურად გაიყვანეს წამყვანი კომპანიები და უმეტესობა მათგანმა წარმოება აშშ-ში, ხოლო ნაწილმა აზიის კონტინენტზე გადაიტანა. ამის კარგი მაგალითია ებრაელი მილიარდერი ბერნარ არნო, რომელმაც ერთ დღეს გამოაცხადა, რომ გაუსაძლისია ევროპაში ბიზნესის კეთება, შედეგად კი ყველა წარმოება და აქტივი ამერიკაში გადაიტანა. იმისთვის, რომ ხელოვნურად გამოწვეული ეკონომიკური პრობლემები კიდევ უფრო ღრმად დასულიყო საზოგადოების ყველა ფენამდე, კრიზისი რომ შეხებოდა ყველა ადამიანს, ოლიგარქიულმა ოჯახებმა ეგრეთ წოდებული „ქოლ ცენტრების“ სქემა შეიმუშავეს. გამომდინარე იქიდან, რომ „დიფ სთეითის“ მესვეურებს სრული წვდომა აქვთ ნებისმიერი ადამიანის საბანკო და პირად მონაცემებზე, მათ აგენტურისა და კონტროლირებადი კრიმინალების ხელით დაიწყეს ევროპაში მცხოვრები პენსიონერებისა და სხვა სოციალური ჯგუფების პირადი და საბანკო მონაცემების გადაცემა სხვადასხვა დაჯგუფებებისთვის, რამაც საბოლოო ჯამში გამოიწვია ის, რომ ევროპაში მილიონობით ადამიანის ანგარიშებიდან მილიარდობით ევროს დანაზოგები გააქრეს, რამაც კიდევ უფრო გაზარდა და გააღრმავა ადამიანთა კრიტიკული დამოკიდებულება სახელმწიფო ინსტიტუციების მიმართ.
იმისათვის, რომ ევროპის პრობლემები კიდევ უფრო ბრუტალური გამხდარიყო, ოლიგარქიულმა ოჯახებმა ჯერ კიდევ წლების წინ მიგრაციის გეგმა შეიმუშავეს. მათ ჯერ ხელოვნურად გამოიწვიეს სისხლისმღვრელი ომები აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში, სირიაში, ერაყში, ლიბიაში, ლიბანსა და სხვა ქვეყნებში, ხოლო შემდეგ ამ ქვეყნებიდან გაქცეული მილიონობით მიგრანტი ევროპის კონტინენტს შეუსიეს. ამ გეგმის მიხედვით რამდენიმე საკვანძო საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო. პირველი - კულტურათა აღრევას, საბოლოოდ უნდა მოეშალა ევროპის ქვეყნების იდენტობა, მიგრანტებს ქვეყნებიდან უნდა გაეყარათ აბორიგენი მოსახლეობა და გაზრდილიყო კრიმინალი, რაც საბოლოო ჯამში ეთნიკური კრიზისის გარდა კიდევ უფრო გააღრმავებდა ეკონომიკის მძიმე მდგომარეობას.
ყველაფერი სწორედ ისე მოხდა, როგორც დაიგეგმა. დღეს ყველანი ვხედავთ, რომ საფრანგეთში, გერმანიაში, ესპანეთში, სკანდინავიის ქვეყნებსა და წამყვან ევროპულ სახელმწიფოებში, რომელთა ცხოვრების მაღალი დონე ძირითადად განსაზღვრავდა ევროკავშირის მდგრადობას, და რომლებიც მთლიანად დაცლილია ადგილობრივი მოსახლეობიდან - უმრავლესობაში ამ ქვეყნების ტრადიციებისა და კულტურისთვის აბსოლუტურად განსხვავებული და მიუღებელი ადამიანები არიან. შედეგად დაინგრა და განადგურდა ეროვნული ფასეულობები, საზოგადოება კი ჭრელი, აღრეული და მარტივად მართვადი გახდა.
ახლა კი მთავარ პარადოქსს მივადექით - ამ კატასტროფის წინაშე ხელოვნურად აღმოჩენილი ევროპის კონტინენტი, ევროკავშირის მთავრობები, მოულოდნელად აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მეორე პირის, ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის მწვავე კრიტიკის ობიექტი გახდა. მიუნხენში ჩასულმა ვენსმა ევროკავშირს დეტალურად დაუდო მაგიდაზე მათ თავს დატეხილი უბედურება, უთხრა, რომ მათი ქვეყნები დაცლილია ფასეულობებისგან, რელიგიისგან, სუვერენიტეტისგან, კრიზისი აქვთ ეკონომიკაში, დაკარგული აქვთ ქვეყნებს იდენტობა და რომ ეს ქვეყნები კატასტროფისკენ მიექანებიან.
რა გამოდის - ოლიგარქიული ოჯახების მიერ, წლების მანძილზე ნაშენები გეგმა, ანუ დანგრეული ევროპა ერთი ხელის მოსმით ვიცე პრეზიდენტმა გაშიფრა და ზედაპირზე დაალაგა? ცხადია, ეს მხოლოდ გულუბრყვილო სულელს შეუძლია დაიჯეროს. ვენსის კრიტიკა ევროპის მიმართ რომ ყალბია და პირდაპირ „დიფ სთეითის“ გეგმაში ზის, რუმინეთის მაგალითზეც ნათლად ჩანს - მან ჯერ მკაცრად გააკრიტიკა საპრეზიდენტო არჩევნების დროს განვითარებული მოვლენები, როდესაც გამარჯვებულ კანდიდატს უტიფრად, ოლიგარქების მიერ კონტროლირებადი სასამართლოს ძალით მოგება ხელიდან გამოჰგლიჯეს, თუმცა, როდესაც „დიფ სთეითმა“ თავისას მიაღწია და ამ ქვეყანაში მაინც სასურველი კანდიდატი დასვა პრეზიდენტად, ვენსის კრიტიკა აღარავის გაგვიგია და არც ამერიკის ამჟამინდელი ადმინისტრაციის მიერ გადადგმული ნაბიჯები გვინახავს თავხედური უსამართლობის აღსაკვეთად. ევროპა ახლა „დიფ სთეითის“ ახალი გეგმის პირველი ტესტირების წინაშე დგას: უახლოეს პერიოდში, სავარაუდოდ, სწორედ ევროპის კონტინეტზე ვიხილავთ პირველ ქვეყანას - სადაც კორპორაციული მმართველობა დაკანონდება. საჯაროდ გააგრძელებენ ვენსის ხაზს, საჯაროდ იტყვიან, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებმა, ხელისუფლებებმა, პოლიტიკოსებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა მიიყვანეს კატასტროფის ნიშნულამდე ევროპის ქვეყნები და დრო დადგა ახალი, კორპორაციული მმართველობის, სადაც პირდაპირ ლეგალიზებული იქნება ოლიგარქიული მმართველობა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თავისთავად კორპორაციულ მმართველობაში ცუდი არაფერია, მაგრამ „დიფ სთეითი“ მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს არა ხალხის სასარგებლოდ, არამედ ხალხის საწინააღმდეგოდ იყენებს. მარტივად რომ ვთქვათ - თოკი ბევრი საქმისთვის გამოსადეგი ნივთია, მაგრამ ოლიგარქები მას ადამიანებს მხოლოდ თავის ჩამოსახრჩობად სთავაზობენ. პირველი კორპორაციული მმართველობის ქვეყანაში, ცხადია, ყველაფერი მალე მოგვარდება, გაიზრდება ეკონომიკა, დამარცხდება კრიმინალი და შეიქმნება ილუზია, რომ ეს არის მმართველობის ყველაზე იდეალური ფორმა. მიზანი ნათელია - შემდგომში მმართველობის ეს ფორმა მარტივად, ოვაციით უნდა მიიღოს სხვადასხვა ქვეყანამ და ამ ქვეყნის საზოგადოებამ. ყველაზე მძიმე ამ გეგმაში კი ის არის, რომ კორპორაციული მმართველობის ფორმაში საბოლოოდ გაქრება ადამიანის ცნება, მისი უფლებები, მოთხოვნილებები და საჭიროება, ყველაფერი კი ოლიგარქიული ოჯახების სურვილებს მოემსახურება. გამოგვიცხადებენ, რომ ისინი არიან „ღმერთკაცები“, ხოლო დანარჩენი ადამიანები მათი მომსახურე არსებები, რომლებსაც არ უნდა ჰქონდეთ არც სამშობლო, არც რწმენა, არც თავისუფლება და არც მიზნები. თანაც, ამ ყველაფერს უკვე კანონიერად, ლეგალური ფორმით გააკეთებენ.
აღსანიშნავია ისიც, რომ ოლიგარქიული ოჯახების გეგმები არც თუ ისე დაფარული და რთულად ამოსახსნელია, რამეთუ ხშირად ამ გეგმების შესახებ მათივე დაკვეთით დაწერილ წიგნებში, გადაღებულ ფილმებში, მათ მიერ ხელოვნურად შექმნილ მეცნიერებათა მსჯელობასა და ნაშრომებში ამოიკითხება. სწორედ ამ „სერიიდან“ არის ჰაქსლის „საოცარი ახალი სამყარო", ორუელის „1984“ და თეა ალექსანდერის „2150“. ასევე თქვენი ყურადღება მინდა მივაქციო ამერიკაში მცხოვრებ ებრაელ პოლიტოლოგსა და მეცნიერს, კერტის იარვინს, რომელიც ასევე ხელოვნურად, უდიდესი პოპულარობით სარგებლობს აშშ-ში და მის პოლიტიკურ ბლოგებსა და ნაშრომებს „დიფ სთეითის“ მიერ კონტროლირებად მედიაში უდიდესი ყურადღება ეთმობა.
შემოგთავაზებთ ყველაზე საინტერესო და ნიშანდობლივ ამონარიდებს მისი ნაშრომებიდან:
✅ კერტის იარვინი ამტკიცებს, რომ ამერიკული დემოკრატია სუსტი, არაეფექტური და მოძველებულია
✅ მისი ხედვით, ქვეყანას სჭირდება ერთპიროვნული ლიდერი — CEO-ს (Chief Executive Officer - იარვინის თეორიაში: იდეალური მმართველი მენეჯერი) ტიპის მონარქი, რომელიც ქვეყანას მართავს ისე, როგორც წარმატებული კომპანიები იმართება
✅ იარვინის აზრით, დემოკრატია ვეღარ უზრუნველყოფს ეფექტიან მმართველობას. მაგალითად, მასობრივი იმიგრაციის პოლიტიკა გრძელდება მიუხედავად იმისა, რომ მას მოქალაქეების უმრავლესობა ეწინააღმდეგება
✅ იარვინი თვლის, რომ სახელმწიფოს მართვა უნდა ჰგავდეს თანამედროვე კომპანიის მართვას — ერთპიროვნული ხელმძღვანელობით, სტრატეგიული ხედვით და ბიუროკრატიის გარეშე
✅ იარვინი კომპანიებს აღწერს როგორც ფუნქციურ მონარქიებს, სადაც CEO არის ერთადერთი გადაწყვეტილების მიმღები
✅ მისთვის სახელმწიფოც უნდა იმართებოდეს ასე: სწრაფად, ეფექტურად და მკაფიოდ.
ის ადარებს NASA-სა და SpaceX-ს — პირველი რთული ბიუროკრატიული სისტემაა, მეორე კი კერძო სექტორის წარმატებული, შედეგზე ორიენტირებული ორგანიზაცია
✅ იარვინი მოითხოვს ბიუროკრატიის დემონტაჟს იმავე პრინციპით, როგორც კომპანიები რესტრუქტურიზაციას გადიან გაკოტრების დროს
✅ მისი აზრით, სახელმწიფო ინსტიტუტების დახურვა და ხელახალი აშენება უნდა მოხდეს ზედა დონიდან ქვემოთ, პროფესიული და არა პოლიტიკური მართვით.
კიდევ ერთხელ, დასკვნის სახით რომ შევაჯამოთ ოლიგარქიული ოჯახების მიზანი - თუ რისთვის ანადგურებენ ისინი ევროპის კონტინენტს, რისთვის ანგრევენ ეკონომიკას, თუ რატომ ცდილობენ წარმატებული ევროპული ოჯახების ლგბტ-პროპაგანდით, მიგრანტების უკონტროლო შემოდინებით, იაფ ენერგომატარებლებზე წვდომის შეზღუდვით გაღარიბებას და დანგრევას, რასაც ემატება „ქოლ ცენტრებით“ ევროპელი მოსახლეობის ძარცვა: ეს ყველაფერი, კომპლექსურად კეთდება იმისთვის, რომ დაანგრიონ სამშობლოს ცნება, სახელმწიფო ინსტიტუტები და პოლიტიკური პარტიები გახადონ მართვისთვის უუნარო, რათა შემდეგ სწორედ პარტიები დაადანაშაულონ შექმნილ ვითარებაში. ოლიგარქიული ოჯახების მთავარი მიზანია, სახელმწიფო ინსტიტუტების ბოლომდე დისკრედიტაცია, ამგვარად მოშლილ და მართვისთვის სრულიად გამოუსადეგარ ქვეყნებში კი, სწორედ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ვენსის რიტორიკას განაგრძობენ და იტყვიან, რომ სახელმწიფოს მართვა არსებული მეთოდით არაეფექტურია და კორპორაციული მმართველობა უნდა დაინერგოს. სწორედ ილონ მასკი, რომელიც ზაზა შათირიშვილმა ახსენა, იყო „პირველი მერცხალი“, რათა საზოგადოება ნელ-ნელა დაარწმუნონ კორპორაციული მმართველობის ეფექტიანობაში - თავდაპირველად, ამგვარი მმართველობა ერთ-ერთ ქვეყანაში დაინერგება, რომლის წარმატებაც სხვა ქვეყნებში მოსახლეობას უბიძგებს რევოლუციებისკენ და კორპორაციული მმართველობის დანერგვის მოთხოვნისკენ. ისიც უნდა ითქვას, რომ კორპორაციის მეპატრონეები, სულ 15-მდე ოლიგარქიული ოჯახია, რომელიც აპირებს, მთელი მსოფლიო ჯიბეში ჩაიდოს.
შევეცადე, მაქსიმალურად მოკლედ, მარტივად და არგუმენტირებულად გადმომეცა ოლიგარქიული ოჯახების სამომავლო გეგმებისა და მათი მოქმედებების ფორმების შესახებ. ამ ბოროტ ძალას სურს, რომ ადამიანი, კაცობრიობის არსებობის ისტორიაში ყველაზე დაბალ საფეხურზე მდგომ მონად აქციოს, რომელსაც არც იდენტობა - გვარი და სახელი ექნება, და არც გამრავლება შეეძლება: იგი გამოყენებული იქნება მხოლოდ სამუშაო ძალად.
ალბათ, საზოგადოებას აქვს ერთი მთავარი კითხვა - რა მექანიზმი არსებობს ამ დიდი და ბოროტი ძალის წინააღმდეგ? როგორ შეიძლება დავიცვათ თავი ჩვენი სამშობლოს გადაგვარებისგან და როგორ უნდა მოვახერხოთ, რომ არ გავხდეთ ოლიგარქებისა და მათ მიერ შექმნილი „სამყაროს“ ნაწილი? პასუხი მარტივია - ინფორმაციის გავრცელება და ადამიანების სიმართლით აღჭურვა, ასევე ყოველდღიური, დაუღალავი ბრძოლა ჩვენი ქვეყნის, სარწმუნოების, ტრადიციების, კულტურის, იდენტობისა და სუვერენიტეტის გადასარჩენად. ვფიქრობ, ინფორმირებული პატრიოტი ადამიანი არის ის ერთადერთი და მთავარი ბარიერი, რამაც შესაძლოა შეაჩეროს „დიფ სთეითის“ გეგმა. ის გეგმა, რომელიც დიდი ხანია უკვე მოქმედებაშია“, - წერია ქართველიშვილის პოსტში.