პარლამენტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებას, რომელიც თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობას ეხება

შოთა ბერეკაშვილი

პარლამენტმა ერთი მოსმენით განიხილა და 80 ხმით ერთის წინააღმდეგ „საქართველოს საბაჟო კოდექსში“ ცვლილებას მხარი დაუჭირა.

ცვლილების თანახმად, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტს (Duty Free), რომელიც არ მდებარეობს ქვეყნის სასაზღვრო ზოლში, 2028 წლის 1 იანვრამდე გაუხანგრძლივდება საქმიანობის შესაძლებლობა.

მოქმედი კანონმდებლობით, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტმა, რომელიც არ მდებარეობს სასაზღვრო ზოლში, საქმიანობა შეუძლია 2026 წლის 1 იანვრამდე განახორციელოს.

„მსგავსი თავისუფალი ვაჭრობის პუნქტები ფუნქციონირებდა თბილისსა და ბათუმში, თუმცა დღეის მდგომარეობით მოქმედია მხოლოდ თბილისის პუნქტი. შესაბამისად, იმისათვის, რომ აღნიშნულ პუნქტს შეუნარჩუნდეს შესაძლებლობა საქონლის რეალიზების განხორციელებაზე უცხოეთის დიპლომატიურ და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობებზე (ასევე, მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრებზე), მიზანშეწონილია აღნიშნული ვადის 2028 წლის 1 იანვრამდე გაგრძელება“, - აღნიშნა მომხსენებელმა, ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა.

კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: გიორგი ბარვენაშვილი, ლევან მაჭავარიანი, ირაკლი მეზურნიშვილი, ანტონ ობოლაშვილი, მარიამ ლაშხი და შოთა ბერეკაშვილი.