პარლამენტმა დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის შედეგად ანტიკორუფციული ბიურო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური უქმდება

პარლამენტის ფოიე

პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის შედეგად ანტიკორუფციული ბიურო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური უქმდება.

გადაწყვეტილება 78 ხმით (1 - წინააღმდეგი) მიიღეს.

ანტიკორუფციული ბიურო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური 2026 წლის 2 მარტიდან იქნება ლიკვიდირებული. ორივე სამსახურის ფუნქციები და უფლებამოსილებები აუდიტის სამსახურს გადაეცემა.

გარდა ამისა, 1-ელი იანვრიდან ბიზნესომბუდსმენისა და მისი მოადგილის თანამდებობებიც უქმდება, ბიზნესომბუდსმენის აპარატი კი ლიკვიდირებული იქნება. პარლამენტმა “ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ კანონის ძალადაკარგულად გამოცხადებას მხარი უკვე დაუჭირა.

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ფრაქცია “ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა.