1745863963
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ქონებრივი უფლებების დარღვევის, მოქალაქეების დევნის, რეპრესიებისა და არაადამიანური მოპყრობის საქმეები განიხილა

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელმა პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ სამი საკითხი განიხილა.
შპს „ჟინერის“ ქონებრივი უფლებების დარღვევის საქმეზე კომისიას ახსნა-განმარტება თეიმურაზ ჭიჭინაძემ მისცა. მისი განცხადებით, კომპანია „ჟინერზე“ ზეწოლა, რომელიც გრძელვადიანი იჯარის წესით „ჟინვალჰესს“ ფლობდა, 1999 წლიდან დაიწყო, მას შემდეგ რაც „ახალგაზრდა რეფორმატორთა“ ჯგუფი პარლამენტში შევიდა და პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ვანო მერაბიშვილი გახდა.
თეიმურაზ ჭიჭინაძის განცხადებით, ვანო მერაბიშვილს და მასთან დაკავშირებულ ჯგუფს, პარლამენტში საკომიტეტო მოსმენების დროს, მხარს USAID-ის წარმომადგენელი უჭერდა.
მისი თქმით, ამ პერიოდში გამართული ყველა სასამართლო პროცესი, მათ შორის, საერთაშორისო არბიტრაჟი, კომპანიის სასარგებლოდ დასრულდა.
როგორც „ჟინერის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ თეიმურაზ ჭიჭინაძემ აღნიშნა, კომპანიაზე ზეწოლა, მისი ხელში ჩაგდების მიზნით, 2005 წლიდან განახლდა. მისივე ინფორმაციით, მან და კომპანიის დირექტორმა ემზარ ჩაჩხიანმა ფინანსურ პოლიციაში განხორციელებული ზეწოლის შემდეგ კომპანიის წილები დათმეს. თეიმურაზ ჭიჭინაძემ ასევე აღნიშნა, რომ ამ პერიოდში ის თბილისის საკრებულოს წევრი იყო და ფინანსურ პოლიციაში გადაყვანა იძულების წესით მოხდა.
მისი განცხადებით, დედაქალაქის მერის, გიგი უგულავას კაბინეტში, კომპანიის დირექტორზე ემზარ ჩაჩხიანზე განხორციელებული ზეწოლის შედეგად მოხდა სასამართლოდან სარჩელის გამოტანა, რის შემდეგაც კომპანია გააკოტრეს და ის სახელმწიფოს გადაეცა. მისივე თქმით, მომდევნო ეტაპზე, ჰესი წყალკანალს მისცეს და გასაყიდად ამზადებდნენ.
როგორც თეიმურაზ ჭიჭინაძემ აღნიშნა, ამ პროცესებს მოჰყვა სასმელ წყალზე ტარიფის გაზრდა, რაც მიზანმიმართულად განხორციელდა.
მან ასევე ისაუბრა თუ როგორ მოხდა „ორთაჭალჰესის“ მიყიდვა „ენერგო-პრო“-სთვის. თეიმურაზ ჭიჭინაძის განცხადებით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოში სარჩელის განხილვაში მას ხელი შეუშალა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა მამუკა ჟღენტმა.
კომპანია „ჟინერის“ საქმეზე, ასევე, ისაუბრა შოთა მაჭარაშვილმა წიგნის - „გაკოტრების „ნაციონალური“ ფორმულა“ ავტორმა.
მეორე საკითხი, რაზეც კომისიამ იმსჯელა შალვა ოგბაიძისა და მისი ოჯახის წევრების დევნისა და რეპრესიების საქმე იყო.
შალვა ოგბაიძის განცხადებით, 2004 წელს, მაშინ როდესაც ის საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი იყო, მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი ჩამორთმეული ავტომანქანით, რომელიც საჯარიმო სადგომზე უნდა მდგარიყო, გიგი უგულავას მეუღლე სარგებლობდა. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც სამართლებრივი რეაგირებისთვის პროკურატურას მიმართა, იგი შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი ბარამიძემ დაიბარა და თანამდებობიდან გადადგომა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაჭერით დაემუქრა.
როგორც შალვა ოგბაიძემ აღნიშნა, გადადგომის შემდეგ იგი საავტომობილო ფედერაციას ჩაუდგა სათავეში. მან დეტალურად ისაუბრა, გარკვეული დროის შემდეგ, როგორ მოითხოვდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების წარმომადგენლები მისგან ფედერაციის ხელმძღვანელობიდან გადადგომას და რუსთავის ავტოდრომის სახელმწიფოსთვის გადაცემას. მისი თქმით, პარალელურ რეჟიმში, მის კომპანიაში - ავტოსადილერო ცენტრში ფინანსური პოლიცია შევიდა და შედეგად, კომპანია აუქციონზე გაიყიდა.
შალვა ოგბაიძემ, ასევე, ისაუბრა 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევაზე. როგორც მან აღნიშნა, დარბევის შემდეგ ის უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში მოხვდა, ხოლო მისი ორი ვაჟი დააკავეს და აწამეს. მისი თქმით, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, სტრასბურგის სასამართლომ მის შვილებს წამების მსხვერპლთა სტატუსი მისცა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილე კანდიდატებისადმი არაადამიანური მოპყრობის საქმეზე კომისიამ მამუკა კვარაცხელია და გიორგი ნემსაძე გამოჰკითხა.
მამუკა კვარაცხელიას განცხადებით, 2007 წელს მან ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო და მიხეილ სააკაშვილის ზეწოლის გამო ვერც ერთი ხმა ვერ მიიღო.
მისი თქმით, იმის შესახებ თუ როგორ ჩაერია მიხეილ სააკაშვილი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში, ყველგან საუბრობდა, მათ შორის, მედიაშიც და ასევე, მონაწილეობდა ქვეყანაში გამართულ საპროტესტო აქციებში.
როგორც მამუკა კვარაცხელიამ აღნიშნა, 2008 წლის 1 ივნისს, იგი ნიღბიანმა პირებმა ავტომანქანიდან გაიტაცეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ, რის შედეგადაც მრავლობითი მოტეხილობა მიიღო.
გიორგი ნემსაძის განცხადებით, პირველად იგი 2005 წელს აპირებდა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, თუმცა, მას შემდეგ, რაც კანდიდატურის მოხსნის შესახებ გიგი უგულავას მოთხოვნა გადასცეს, არჩევნებში მონაწილეობა აღარ მიიღო.
მან დეტალურად ისაუბრა 2007 წელს გამართულ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებზე. როგორც გიორგი ნემსაძემ აღნიშნა, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ხელისუფლების წარმომადგენლებმა იგი ტელეფონით საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დააკავშირეს. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა მის პოლიტიკურ გუნდში არსებული დაპირისპირების გამო, მას ფედერაციის ახალი ყრილობის დანიშვნა სთხოვა.
გიორგი ნემსაძის განცხადებით, 2009 წელს, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა, ზვიად სიჭინავამ, მისი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში მოადგილის თანამდებობა შესთავაზა, თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლები ამის წინააღმდეგ წავიდნენ.
სხდომის დასასრულს, პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ გადაწყვეტილება მიიღო ხვალ, 29 აპრილს მიმართოს პარლამენტის ბიუროს თხოვნით - პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეიტანოს საკითხი კომისიისთვის უფლებამოსილების ვადის ერთი თვით - 5 ივნისამდე გაგრძელების თაობაზე.
როგორც კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა განაცხადა, პლენარულ სხდომაზე კომისიის შუალედი ანგარიში იქნება წარდგენილი.
მისი განცხადებით, კომისიამ 13 თებერვლიდან 17 სხდომა ჩაატარა, 55 პირი გამოჰკითხა, საიდანაც 30-მდე პირი დაზარალებული იყო.
„შემოსულია 400-მდე განცხადება, საიდანაც 300-ზე მეტი განცხადება უკვე დამუშავებულია. ირკვევა, რომ ყველაზე მეტი განცხადება თუ განცხადება- საჩივარი, დიდწილად, მაინც საკუთრების უფლების დარღვევასა და წამება - არაადამიანურ მოპყრობაზეა. დასკვნის პროექტის წერა ამჟამად უკვე მიმდინარეობს და 100-ზე მეტი გვერდი უკვე შედგენილია“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.