1751480571
პარლამენტი უკანონო მიგრაციასთან დაკავშირებულ კანონს დღეს დაამტკიცებს

უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, ცვლილებები შედის „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში, რომელსაც პარლამენტი დღეს დაამტკიცებს.
კანონპროექტით განისაზღვრება არალეგალური მიგრაციის გამოვლენის მიზნით საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმების წესი. კანონს ემატება მუხლი, რომლის თანახმად, საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელის გამოვლენის ან/და უცხოელის საცხოვრებელი ადგილის გადამოწმების ან უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის მოძიების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს შესაძლებლობა ექნება შეამოწმოს უცხოელის საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილი ან შევიდეს სხვაგვარ კერძო საკუთრებაში თუ მფლობელობაში რაიონული ან საქალაქო სასამართლოს მოსამართლის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე.
გარდა ამისა, უცხოელის საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის შემოწმების დროს პოლიცია უფლებამოსილი იქნება გამოკითხოს პიროვნება, მოახდინოს მისი იდენტიფიკაცია, ჩაატაროს ზედაპირული შემოწმება და დათვალიერება. მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ აღნიშნული ცვლილებები ქვეყანაში მიგრანტების ზრდამ განაპირობა.