მუქარების გარდა, ვნახეთ, რომ 4 ოქტომბერს ისინი უშუალოდ მოქმედებაზე გადავიდნენ, ამიტომ ბრალი, რომელიც მათ ედებათ, არის თვალნათელი და თითოეული ჩვენგანი ვუყურებდით ამას - ნინო წილოსანი დაკავებულ პოლიტიკოსებზე

ნინო წილოსანი

თბილისის საქალაქო სასამართლომ პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძეს და ლაშა ბერიძეს პატიმრობა შეუფარდა. დღევანდელ სხდომაზე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს.

პროკურორის განცხადებით, ბრალდებულთა მხრიდან მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულებათა განადგურების საფრთხე არსებობს, რასაც დავის მხარე არ ეთანხმება.

სიტყვით ისარგებლეს დაკავებულებმა. არცერთი მათგანი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

ხუთივე დაკავებულს ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება ედება ბრალად.

საკითხს აფასებენ მმართველ გუნდში. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ნინო წილოსანის განცხადებით, ოპოზიციური პარტიის ლიდერები, თვეების განმავლობაში, სახელმწიფოს გადატრიალებით იმუქრებოდნენ, ხოლო 4 ოქტომბერს ისინი მოქმედებაზე გადავიდნენ.

"ის, რასაც პროკურატურა ედავება მხარეს და რა ბრალიც არის წარდგენილი, სწორედ ამ მოქმედებას გვიგეგმავდნენ და გვემუქრებოდნენ თვეებით ადრე, 4 ოქტომბრამდე.

ფაქტობრივად, თითოეული მათგანი, მათი ხუთკაციანი კომიტეტიდან მოყოლებული, იქ მყოფი ადამიანების ჩათვლით, 4 ოქტომბერს გეგმავდნენ, რომ შეკრებილიყვნენ სახელმწიფოს გადატრიალებისა და დამხობის მიზნით.

ამ მუქარების გარდა, ვნახეთ, რომ 4 ოქტომბერს ისინი უშუალოდ მოქმედებაზე გადავიდნენ, ამიტომ ბრალი, რომელიც მათ ედებათ, არის თვალნათელი და თითოეული ჩვენგანი ვუყურებდით ამას. იქ მყოფი ადამიანები, სამწუხაროდ, ამ ყველაფრის მონაწილეები იყვნენ", - განაცხადა ნინო წილოსანმა.