გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს
1759845307
მსოფლიო ბანკი 2025 წლისთვის საქართველოს ეკონომიკურ ზრდის პროგნოზს 1.5 პროცენტული პუნქტით, 7%-მდე ზრდის. ამის შესახებ ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ეკონომიკურ მიმოხილვაში არის საუბარი.
მსოფლიო ბანკის განმარტებით, წელს საქართველოში ფაქტობრივი ზრდა არის უფრო მაღალი, ვიდრე ისინი ივნისში გამოქვეყნებული პროგნოზით ვარაუდობდნენ. 2026 წლისთვის კი ქვეყანაში 5.5%-ის ეკონომიკური ზრდა არის ნავარაუდევი, რაც წინა პროგნოზთან შედარებით 0.5 პროცენტული პუნქტით მეტია.
რაც შეეხება მეზობელი ქვეყნების მაჩვენებლებს, მსოფლიო ბანკის განახლებული პროგნოზები ასე ნაწილდება:
სომხეთი - 5.2%-ის ეკონომიკური ზრდა, გაუმჯობესება 1.2 პ.პ;
აზერბაიჯანი - 1.9%-ის ეკონომიკური ზრდა, გაუარესება 0.7 პ.პ;
რუსეთი - 0.9%-ის ეკონომიკური ზრდა, გაუარესება 0.5 პ.პ;
თურქეთი - 3.5%-ის ეკონომიკური ზრდა, გაუმჯობესება 0.4 პ.პ.
ბოლო ერთი თვის განმავლობაში მსოფლიო ბანკის მსგავსად, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7%-მდე გაზარდა EBRD-მა და ADB-მა, ხოლო საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ივლისში ის 7.2%-მდე დააკორექტირა.
ამასთან, მსოფლიო ბანკის მიერ დღეს გამოქვეყნებული ეკონომიკური მიმოხილვის თანახმად, რომელიც სამუშაო ადგილებსა და კეთილდღეობას ეხება, ეკონომიკური ზრდა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში (ECA) შენელდა, თუმცა რეგიონი უწყვეტი გლობალური და რეგიონული გამოწვევების ფონზე მდგრადობას ინარჩუნებს.