მშობლებს, რომელთა შვილებიც 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით ხდებიან 6 წლის, ერთჯერადად, მხოლოდ ამ წელს, ექნებათ შესაძლებლობა, ნებაყოფლობით შეიყვანონ ბავშვი სკოლაში - მარიამ ლაშხი

მარიამ ლაშხი

 პარლამენტი ზოგადი განათლების შესახებ კანონში ცვლილებაზე დაჩქარებული წესით მუშაობს. გარდამავალ დებულებას ემატება საგამონაკლისო რეგულაცია, რომლის თანახმად, მომავალ სასწავლო წელს, მშობლის სურვილის შემთხვევაში, თუ ბავშვს 6 წელი 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდება, პირველ კლასში სწავლის დაწყებას შეძლებს.

"მშობლებს, რომელთა შვილებიც 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით ხდებიან 6 წლის, ერთჯერადად, მხოლოდ ამ წელს, ექნებათ შესაძლებლობა, რომ ნებაყოფლობით შეიყვანონ ბავშვი სკოლაში. კონსულტაციები გვქონდა სამინისტროსთან და მასწავლებელთა სახლთან ერთად გადახალისდა კურიკულუმი, რაც გულისხმობს იმას, რომ იმ ბავშვებს, ვინც დარჩებიან ბაღში, ისინი, ვინც 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრამდე არიან დაბადებულები, ექნებათ განახლებული პროგრამა, ანუ ერთი და იგივე პროგრამის გავლა არ მოუწევთ. რეკომენდებულია, მათივე ინტერესიდან გამომდინარე, მოხდეს სკოლაში შეყვანა 6 წლის ასაკის გახდომის შემდეგ," - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ლაშხმა.

პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი უკვე დაწყებულია, კანონში ცვლილება კი კვირის ბოლომდე უკვე დამტკიცებული უნდა იყოს. დღეს, პარლამენტის სესიაზე, ზოგადი განათლების შესახებ კანონში ცვლილებებს მეორე მოსმენით განიხილავენ.