1745440671
მოუთმენლად ველოდებით ვიზიტს თბილისში - საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მეოთხე მუხლის პროგრამის ფარგლებში ივნისში საქართველოში მისიის ვიზიტი იგეგმება, რომელსაც მოუთმენლად ველოდებით, – ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, იერუნ კლიკმა განაცხადა.
„სასიამოვნო იყო საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა. ჩვენ განვიხილეთ თქვენს ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ვითარება, ასევე გავცვალეთ მოსაზრებები გლობალური მოვლენების შესახებ და იმაზე, რა გავლენას ახდენს ეს ვითარება ჩვენს ჯგუფში შემავალ ქვეყნებზე. განვიხილეთ მეოთხე მუხლი, რომლის ფარგლებშიც ივნისში იგეგმება ჩვენი ვიზიტი თბილისში, რომელსაც მოუთმენლად ველოდებით“, – აღნიშნა საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, იერუნ კლიკმა.
შეგახსენებთ, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან ერთად, სსფ-ის აღმასრულებელ დირექტორ იერუნ კლიკს და ალტერნატიულ დირექტორ მარნიქს ვან რეის შეხვდა.
დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტები ეკატერინე მიქაბაძე და ეკატერინე გალდავა, ასევე – ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილეები.
ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.