შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
1775651539
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ ყველა პარტნიორი ქვეყნისთვის, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულები შუა დერეფნის მიმართულებით, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. მარიამ ქვრივიშვილის თქმით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის ოპტიმიზაციის შედეგად 52 მილიონი დოლარის დაზოგვა გახდა შესაძლებელი, ხოლო უახლოეს დღეებში პორტის ტერიტორიაზე აქტიური სამშენებლო სამუშაოები დაიწყება.
„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით კი შუა დერეფნის კონტექსტში. გასული თვეების განმავლობაში ჩვენ დეტალურად შევისწავლეთ არსებული გენგეგმა და აქტიურად ვიმუშავეთ კონტრაქტორ კომპანიებთან, რის შედეგადაც სამშენებლო სამუშაოების ჯამური ღირებულება 52 მილიონი დოლარით შემცირდა. დავასრულეთ სამშენებლო-სამობილიზაციო სამუშაოები და უახლოეს რამდენიმე დღის განმავლობაში უშუალოდ ანაკლიის ტერიტორიაზე დაიწყება აქტიური სამშენებლო სამუშაოები“, - აცხადებს ქვრივიშვილი.
მინისტრის თქმით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ამუშავება ქვეყანას საშუალებას მისცემს, გაზარდოს ტვირთების მიმოცვლა როგორც ქვეყანაში, ისე საზღვრებს გარეთ.
„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ამუშავებით განვაგრძობთ ვიყოთ მნიშვნელოვანი პარტნიორი შუა დერეფნის კონტექსტში, რაც საშუალებას მისცემს საქართველოს, მიიღოს კიდევ უფრო მეტი ტვირთი და ხელი შეუწყოს ტვირთნაკადების გადაადგილებას ევროპისა და სხვა მიმართულებებით“, - აღნიშნა ქვრივიშვილმა.