1775651796
პროკურატურა ჯუანშერ ბურჭულაძისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე უარს ამბობს და დაახლოებით 2.5 მილიონი ლარის ღირებულების ქონების ჩამორთმევას ითხოვს
თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძისა და მასთან ერთად დაკავებული თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის, გიორგი ხაინდრავას, თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, ვლადიმერ ღუდუშაურის, ასევე ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლისძმის, ვასილ მხეიძის სასამართლო პროცესი გაიმართა.
პროკურატურა ჯუანშერ ბურჭულაძეს, მის მოადგილე გიორგი ხაინდრავას და ბურჭულაძის ცოლის ძმას, ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე უარს ეუბნება და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას ითხოვს.
რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, ვლადიმერ ღუდუშაურს, მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება.
ამასთან, ჯუანშერ ბურჭულაძის ადვოკატის, ხათუნა ხურცილავას თქმით, მას აქვს მოლოდინი, რომ შემდეგ პროცესამდე მხარეები საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე შეთანხმდებიან და პროკურატურის დღევანდელი განცხადება, რომ მხოლოდ ვლადიმერ ღუდუშაურის მიმართ ითხოვა საპროცესო შეთანხმების გაფორმება, საბოლოო არ არის.
„მიმდინარეობს მოლაპარაკება და ვფიქრობთ, რომ 16 რიცხვამდე პასუხს მივიღებთ. ეს საბოლოო უარი არ არის. პროკურატურა ითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ 16 რიცხვამდე საპროცესო შეთანხმება არ გაფორმდება. საჭიროების შემთხვევაში, მზად ვართ ზიანის ანაზღაურებისა და საპროცესო პირობების შესრულებისთვის“, – განმარტა ხათუნა ხურცილავამ.
ამასთან, პროკურორ ანი ლეკიაშვილის თქმით, ჯუანშერ ბურჭულაძეს უნდა ჩამოერთვას დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონება, მათ შორის ესპანეთში მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული სახლი, ასევე საქართველოში, დაბა წყნეთში მდებარე სახლი და მასთან დაკავშირებული ფართები.
„ბრალდების მხარე ითხოვს, საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, როდესაც საქმეში არსებობს უკანონო ან დაუსაბუთებელი ქონება და რომელიც გამოყენებულია, მათ შორის ფულის გათეთრებისა და უკანონო ქონების ლეგალიზების მიზნით, აღნიშნული ქონება უნდა ჩამოერთვას ბრალდებულს. შესაბამისად, ბრალდების მხარემ მოითხოვა ჯუანშერ ბურჭულაძის მხოლოდ იმ ქონების ჩამორთმევა, რომელიც კონკრეტულად ეხება აღნიშნულ გარემოებებს. ეს არის ნუშის ბაღებში მდებარე სახლი და მათ შორის ესპანეთში შეძენილი ქონება. ჩამორთმეული ქონების საერთო ღირებულება დაახლოებით 2.5 მილიონს შეადგენს“, – განაცხადა პროკურორმა.
ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბურჭულაძეს საერთო ჯამში 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან. ბრალის მიხედვით, ჯუანშერ ბურჭულაძემ 2023 წელს მისი მოადგილის, ნათესავისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დახმარებით, სამხედრო ჰოსპიტალს სამედიცინო აპარატი 2 606 272 ლარის ნაცვლად, 3 940 000 ლარად მიაწოდა, რის შედეგადაც, სამინისტროს 1 333 728 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.
ასევე, 2025 წლის მარტში, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა მეუღლემ ესპანეთში 544 000 ევროდ ქონება შეიძინეს. აღნიშნულის წარმოშობის დამალვის და შენიღბვის მიზნით, ამ ქონებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, მათ მესამე პირთან დაბა წყნეთში მდებარე უძრავი ქონების ფიქციური ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმეს.
რაც შეეხებათ, ვლადიმერ ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას, მათ დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავებიან, ვასილ მხეიძეს კი გაფლანგვაში დახმარებას.
მათ ბრალი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის და გაფლანგვაში დახმარების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ვლადიმერ ღუდუშაური გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.










