მამუკა მდინარაძე IDFI-ის აღმასრულებელი დირექტორის ბიზნესზე: ეს ჩვეულებრივი ამბავი გახდა, სამწუხაროდ, მაგრამ ორმაგ სტანდარტზე მიუთითებს, ყველაზე რბილად რომ ვთქვათ

მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც IDFI-ის აღმასრულებელ დირექტორს, გიორგი კლდიაშვილს რუსეთის მოქალაქეებთან აქვს ბიზნესი. ამ თემაზე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

„განსაკუთრებული გაკვირვება გამოიწვია-მეთქი ჩემში რომ გითხრათ, მოგატყუებთ, იმიტომ რომ საქართველოში გვყავს პოლიტიკოსი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პროდასავლელია, რომ ჰკითხო და აგენტურული ლეგენდით რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან მილიონობით რუბლს იღებს. ამის ფონზე ეს აღარ გაგვიკვირდება, რა თქმა უნდა.

თუმცა, ასევე გვყავს რამდენიმე ათეული ადამიანი ამ ქვეყანაში, რომელიც მაგალითად დარბოდა სლოგანის „არა რუსულ კანონს“ ძახილით და რუსეთში ჰქონდათ შემოსავალი დიდძალი და ეს საერთოდ არ აწუხებდათ. ეს ჩვეულებრივი ამბავი გახდა, სამწუხაროდ, მაგრამ ორმაგ სტანდარტზე მიუთითებს, ყველაზე რბილად რომ ვთქვათ“, - განაცხადა მდინარაძემ.

„იმედინიუსისთვის“ ცნობილი ხდება, რომ გიორგი კლდიაშვილს ბიზნესი აქვს რუსეთის მოქალაქეებთან, გიორგი როჩიკაშვილთან და დავით სპარსიაშვილთან ერთად, კერძოდ, ამ პირებთან ერთად, კლდიაშვილი შპს „ქვევრების“ დაფუძნებელია და კომპანიის 32.32 პროცენტს ფოლობს, გიორგი როჩიკაშვილი 26.2 პროცენტს, ხოლო, დავით სპარსიაშვილი - 5.5 პროცენტს.