მაკა ბოჭორიშვილი სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს: პირდაპირი რეისები, რომლებიც არის ქვეყნებს შორის, ნამდვილად ხელს უწყობს მეტი ტურისტის მოზიდვას ორივე ქვეყნისთვის, ამიტომ ამ მიმართულებითაც ჩვენ უფრო მეტად უნდა გავაღრმაოთ ურთიერთობები

მაკა ბოჭორიშვილი იურაი ბლანარი

მაკა ბოჭორიშვილი სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს: პირდაპირი რეისები, რომლებიც არის ქვეყნებს შორის, ნამდვილად ხელს უწყობს მეტი ტურისტის მოზიდვას ორივე ქვეყნისთვის, ამიტომ ამ მიმართულებითაც ჩვენ უფრო მეტად უნდა გავაღრმაოთ ურთიერთობები

ჩვენ ასევე ვისაუბრეთ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე, პოტენციალი ნამდვილად არსებობს უფრო მეტი ჩვენს ქვეყნებს შორის, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.

„როგორც ახსენეთ, ორ ქვეყანას შორის ხელმოწერილი შეთანხმება გასულ წელს არის კარგი საფუძველი, რომ კიდევ უფრო მეტად გავაღრმაოთ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, მივესალმებით დიპლომატიის წარგზავნას საქართველოში, რომელიც იმუშავებს ეკონომიკურ საკითხებზე. ჩვენ მზად ვართ ვუმასპინძლოთ სლოვაკეთის მხარის დელეგაციას, რათა ეკონომიკური კუთხით თანამშრომლობის პოტენციალი სრულად იყოს ჩვენს ქვეყნებს შორის გამოყენებული, ათვისებული, ხელი შევუწყოთ ჩვენს კავშირებს, ბიზნესსაზოგადოებებს შორის დაკავშირებას და ამ მიმართულებით გავაგრძელოთ მუშაობა“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

მისივე თქმით, სლოვაკეთთან ტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობაც ძალიან მნიშვნელოვანია.

„პირდაპირი რეისები, რომლებიც არის ქვეყნებს შორის, ნამდვილად ხელს უწყობს მეტი ტურისტის მოზიდვას ორივე ქვეყნისთვის, ამიტომ ამ მიმართულებითაც ჩვენ უფრო მეტად უნდა გავაღრმაოთ ურთიერთობები. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ტურიზმი არ არის, ეს ხელს უწყობს ხალხთა შორის კავშირების გაღრმავებას. კულტურაც ის მიმართულებაა, სადაც კიდევ უფრო მეტად უნდა ვითანამშრომლოთ და გავაძლიეროთ ჩვენი საზოგადოების დაკავშირებადობა. მადლობას გადაგიხდით საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისთვის, სლოვაკეთის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ევროინტეგრაციის პროცესში. ჩვენ ხშირად ვხედავთ, როგორ ხდება ბრიუსელის მხრიდან ევროინტეგრაციის პროცესის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენება და მოხარული ვართ, რომ სლოვაკეთი ეწინააღმდეგება ამ მიდგომას და მხარს უჭერს საქართველოს გულწრფელ სურვილს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.