კიბოს მეტასტაზები უხილავი ბუშტუკებით ვრცელდება - მკვლევრებმა მათი შეჩერების შესაძლო მეთოდს მიაგნეს
1771262837
პედიატრი-ნუტრიციოლოგმა ნინო თოთაძემ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა იმ საკვებ პროდუქტებზე, რომლებიც ბავშვების ინტელექტისა და აზროვნების ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
სპეციალისტის განმარტებით, ბავშვის ტვინი განსაკუთრებით ინტენსიურად ვითარდება სიცოცხლის პირველ წლებში. 6 თვის ასაკში ტვინი უკვე მოზრდილი ადამიანის ტვინის ზომის დაახლოებით 50%-ს აღწევს, 3 წლის ასაკში — 80%-ს, ხოლო 5 წლისთვის — 90%-ს. ამავე პერიოდში, განსაკუთრებით 0-დან 3 წლამდე, ბავშვის ტვინი დაახლოებით 2,5-ჯერ უფრო აქტიურია, ვიდრე ზრდასრულის, რაც სწავლისა და აღქმის განსაკუთრებულად მაღალ უნარს განაპირობებს.
ნინო თოთაძის თქმით, ტვინის განვითარებაზე გავლენას ახდენს გენეტიკა, გარემო და ოჯახური მხარდაჭერა — სითბო და სიყვარული. თუმცა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორად სწორად შერჩეული კვება სახელდება. არსებობს კონკრეტული მიკროელემენტები და ვიტამინები, რომლებიც ტვინის ფუნქციონირებასა და ნორმალურ განვითარებას უწყობს ხელს. მათ შორისაა: ცილები, ქოლინი, ფოლატები, იოდი, თუთია, რკინა, A, D, B6 და B12 ვიტამინები, ასევე ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები.
სპეციალისტი გამოყოფს რამდენიმე საკვებ ჯგუფს, რომლებიც ბავშვის რაციონში განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს:
ბოსტნეული — ფოთლოვანი და მწვანე ბოსტნეული ბავშვის მენიუში 6 თვის ასაკიდან შეიძლება შევიდეს. ბროკოლი, ისპანახი, სალათის ფოთოლი, ყაბაყი და სხვა სეზონური ბოსტნეული მდიდარია უჯრედისით, ფოლიუმის მჟავითა და რკინით, რაც ტვინის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.
ხორცი — განსაკუთრებით რეკომენდებულია ნაკლებად ცხიმიანი ხორცი, რომელიც 6 თვის ასაკიდან კვირაში 4–5-ჯერ უნდა შედიოდეს ბავშვის რაციონში. ის შეიცავს B12 ვიტამინსა და რკინას. ამერიკის პედიატრიის აკადემიის მონაცემებით, დაახლოებით ყოველი მეათე ბავშვი რკინადეფიციტური ანემიით არის დაავადებული. კვლევების თანახმად, ეს პრობლემა საქართველოშიც აქტუალურია. რეკომენდებულია ინდაურის, ქათმის, საქონლისა და კურდღლის ხორცი.
რძის პროდუქტები და იოგურტი — საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, სასურველია, რომ ისინი აუცილებელ ვიტამინებსა და მინერალებს შეიცავდეს, რომლებიც ბავშვის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.
ბურღულეული — ბურღულეულის ფაფები ენერგიისა და საკვები ნივთიერებების მნიშვნელოვანი წყაროა.
თხილეული და თესლეული — შეიცავს ცილებსა და სასარგებლო ცხიმებს, რომლებიც ტვინის განვითარებას უწყობს ხელს (ასაკის შესაბამისი ფორმით და უსაფრთხოების წესების დაცვით).
ომეგა-3-ის შემცველი პროდუქტები — ზღვის პროდუქტები დაბალი ასაკის ბავშვებისთვის რეკომენდებული არ არის, თუმცა თევზის ჩართვა მენიუში შესაძლებელია 8 თვის ასაკიდან, კვირაში მაქსიმუმ ორჯერ. ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები ტვინის ფუნქციონირებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
პედიატრი-ნუტრიციოლოგი მშობლებს მოუწოდებს, ბავშვის კვებას განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდონ, რადგან სიცოცხლის პირველი წლები ინტელექტუალური და ფიზიკური განვითარების საფუძვლის ჩამოყალიბების ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია.