რას მოუტანს 17 აპრილის ახალმთვარეობა ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს - ასტროლოგის პროგნოზი
1776285706
გადაცემა „ღამის კურიერში" სტუმრობისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ვრცლად ისაუბრა სანქციების, კონკრეტულად კი საქართველოს მოქალაქეების მიმართ ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნის მხრიდან დაწესებული პერსონალური სანქციების შესახებ. მინისტრის თქმით, ეს საქართველოსა და მის მოქალაქეებზე ზეწოლისთვის გამოყენებული კიდევ ერთი ინსტრუმენტია.
„აქ დიპლომატიას არანაირი სივრცე არ ჰქონდა, როდესაც ღიად ხდებოდა საქართველოზე ნებისმიერი მეთოდით ზეწოლის განხორციელება. ჩვენ იმდენი უსამართლო დამოკიდებულება ვნახეთ საქართველოსთან მიმართებით, რომ პერსონალური სანქციების გამოიყენება გასაკვირი აღარ არის. ჩვენ ვნახეთ მუქარები სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით და ევროკავშირის მხრიდან დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება. სხვადასხვა მეთოდი იქნა გამოყენებული იმისთვის, რომ ქართულ საზოგადოებაზე მოეხდინათ გარკვეული ზეწოლა და ესეც ერთგვარი შანტაჟის ფორმაა." - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მინისტრის შეფასებით, მიუღებელია, როცა სანქციების დაწესების პოლიტიკის ინსტრუმენტალიზაცია ხდება, თუმცა ამ საკითხებზე უნდა გაგრძელდეს მუშაობა. მან იმედი გამოთქვა, რომ გარკვეული ნაბიჯები იქნება გადადგმული, იმისათვის, რომ ეს უსამართლო მიდგომები შეიცვალოს საქართველოსა და საქართველოს მოქალაქეების მიმართ.
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე ისაუბრა საქართველოს მხრიდან სანქციების რეჟიმის დაცვასა და ამ კონტექსტში საქართველოს წინააღმდეგ არსებულ ბრალდებებზე.
მისი თქმით, საქართველო ატარებს ისეთ პოლიტიკას, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე არ არსებობს სანქციების გვერდის ავლის არც ერთი ფაქტი, თუმცა მაინც მიზანმიმართულად ხდება მცდარი ნარატივების გავრცელება საქართველოს შესახებ და ქართველი ხალხის შეცდომაში შეყვანა.
"ეს ყველაფერი დაიწყო უკრაინაში ომის დაწყების დღიდან, როდესაც თავად ევროკავშირს არ ჰქონდა დაწესებული არანაირი სანქცია რუსეთის მიმართ. ჩვენ განვაცხადეთ, რომ ვერ და არ დავაწესებთ სანქციებს რუსეთის მიმართ, ვინაიდან ეს გავლენას ვერ მოახდენს რუსეთზე და შესაძლოა დამღუპველი შედეგი ჰქონდეს ჩვენს ქვეყანაზე. ამავდროულად, ჩვენ გვაქვს პოლიტიკა, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ჩვენი ქვეყანა არ იქნება გამოყენებული სანქციების გვერდის ასავლელად. საქართველო უნაკლოდ ასრულებს ამ პოლიტიკას, მაშინ, როდესაც თავად ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არის გამოწვევები და ძალიან ხშირად საუბრობენ, რომ ხდება სანქციების რეჟიმის გვერდის ავლა." - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა