1696234801
მაკა ბოჭორიშვილი- “ქართული ოცნება“ არის ის ხელისუფლება, რომელმაც ყველაფერი გააკეთა ვიზალიბერალიზაციის მოსაპოვებლად

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა იმედის ეთერში საქართველოსთან მიმართებაში ვიზალიბერალიზაციის შეჩერებასთან დაკავშირებული სპეკულაციების შესახებ ისაუბრა. მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ევროკავშირს უვიზო მიმოსვლის შეჩერებისთვის ახალი საფუძველი ექნება – ვიზალიბერალიზაციით მოსარგებლე ქვეყნებთან პოლიტიკური ურთიერთობის გაუარესება. მინისტრმა ამ ინიციატივის, როგორც მესამე ქვეყანაზე პოლიტიკური ზემოქმედების ბერკეტზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ბრიუსელის ბიუროკრატია ხშირად ცდება თავისი ინიციატივების ეფექტიანობაში. „ჩვენ ვნახეთ, რომ ბრიუსელის ბიუროკრატიას ბევრი რამ ეგონა ეფექტიანი საქართველოში ხელისუფლების შესაცვლელად. სინამდვილეში მოხდა პირიქით - მოხდა ქართველი ხალხის მობილიზაცია სწორედ სუვერენიტეტისა და სახელმწიფო ინტერესების დასაცავად, როდესაც სასწორზე დაიდო ჩვენი ქვეყნის ინტერესები და უცხო ქვეყნის ინტერესები საქართველოსთან მიმართებაში.“ - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა. მისი თქმით, კანდიდატის სტატუსსაც ასევე ხშირად იყენებდნენ შანტაჟის მექანიზმად, მაგრამ ამ მექანიზმმა არ იმუშავა. მაკა ბოჭორიშვილი ასევე გამოეხმაურა ოპოზიციის ბრალდებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერება „ქართული ოცნების“ ინტერესებში შედის იმისთვის, რომ საქართველო ევროკავშირს დაშორდეს. „ქართული ოცნება“ არის ის ხელისუფლება, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რომ საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა მისცემოდათ ვიზის გარეშე ემოგზაურათ ევროკავშირის ქვეყნებში. მე თავად ვიყავი ამ პროცესის მონაწილე, შეიძლება ითქვას პირველივე დღიდან, როდესაც სავიზო დიალოგი დაიწყო ევროკავშირთან და ყველა ეტაპი ფაქტობრივად, ჩემს თვალწინ გავიარეთ. ძალიან კარგად მახსოვს პოლიტიკურად საკმაოდ მძიმე რეფორმები ხელისუფლებისთვის, როგორი ერთსულოვნებით ტარდებოდა და როგორ ხდებოდა პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება. ეს არ გაუკეთებია ბიუროკრატიას, ეს გააკეთა პოლიტიკურმა ხელისუფლებამ იმიტომ, რომ ამის უკან იყო ძალიან სერიოზული პოლიტიკური ნება, რომ ჩვენ ეს ყველაფერი უნდა გაგვეკეთებინა იმისთვის, რომ შედეგად მიგვეღო ჩვენი მოქალაქეების უვიზო მიმოსვლა“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა. მისი თქმით, ამ უსუსურ ბრალდებებს ხელისუფლებას უყენებენ სწორედ ის ადამიანები, რომლებიც დღე და ღამე იბრძოდნენ უვიზო რეჟიმის, როგორც დასჯის მექანიზმის მისაღწევად. მან ასევე ტყუილი უწოდა ოპოზიციის ბრალდებებს იმასთან დაკავშირებით, რომ უვიზო რეჟიმის ამოქმედების პროცედურები „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაიწყო.„2013 წლის თებერვალში, ძალიან კარგად მახსოვს, როდესაც ჩამოვიდა ევროკომისარი და ჩამოიტანა სამოქმედო გეგმა, რომელი სამოქმედო გეგმითაც რამდენიმე წელი იმუშავა საქართველოს ხელისუფლებამ იმისთვის, რომ უვიზო რეჟიმი ამოქმედებულიყო, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ საღი აზრი ჯერ კიდევ არსებობს და ის აუცილებლად გაიმარჯვებს.