მაია ბითაძე: სამარცხვინოა ეუთო/ოდირის განცხადების ის ნაწილი, რომელიც ეხება მოწოდებას ხელისუფლებისადმი, რომ პატივი სცეს ისედაც უკვე პატივნაცემ ადამიანის უფლებებს

მაია ბითაძე

 სამარცხვინოა განცხადების ის ნაწილი, რომელიც ეხება მოწოდებას ხელისუფლებისადმი, რომ პატივი სცეს ისედაც უკვე პატივნაცემ ადამიანის უფლებებს, - განაცხადა „ქრონიკასთან“ პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მაია ბითაძემ ეუთო/ოდირ-ის განცხადებასთან დაკავშირებით.

„დამხობის მცდელობა ძალადობრივი გზით ნებისმიერ სხვა ევროპის დედაქალაქში რომ მომხდარიყო, საგანგებო განცხადებას გააკეთებდა ამაზე ეუთო/ოდირი. აქ ვხედავთ, რომ ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები კეთდება. სამარცხვინოა განცხადების ის ნაწილი, რომელიც ეხება მოწოდებას ხელისუფლებისადმი, რომ პატივი სცეს ისედაც უკვე პატივნაცემ ადამიანის უფლებებს. სამარცხვინოა ასევე მოწოდება იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიტიკურად არ დევნოს მოძალადეები მაშინ, როდესაც ადამიანებმა სახელმწიფო გადატრიალების მოწოდებიდან ფიზიკურ განხორციელებამდე გაიარეს გზა“, - აღნიშნა ბითაძემ.

ეუთო საქართველოში ბოლო ადგილობრივი არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს, სადაც ერთდროულად გამოხატავს შეშფოთებას ძალადობრივი საპროტესტო აქციების გამო და ამავე დროს მოუწოდებს ხელისუფლებას, პატივი სცეს მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებებს.