კონსტიტუციის მიღება ყველა ერის ისტორიაში უდიდესი მნიშვნელობის მოვლენაა. ეს არის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, თავისუფლების, ზრდასრულობის და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების ნიშანსვეტი - შალვა პაპუაშვილი

პაპუაშვილი

კონსტიტუციის მიღება იყო ის ქვაკუთხედი, რომელზეც ახალი რესპუბლიკა დაშენდა. იმავე წლის შემოდგომაზე, ახალი კონსტიტუციით, ქვეყანაში ჩატარდა არჩევნები, შემოვიღეთ ეროვნული ვალუტა - ლარი, ავირჩიეთ პრეზიდენტი. ქვეყანამ დაიწყო ინსტიტუტების მშენებლობის, საერთაშორისო თანამეგობრობაში ინტეგრაციისა და განვითარების გრძელი და რთული გზა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს კონსტიტუციისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისივე თქმით, მიუხედავად უმძიმესი მოვლენებისა, რომელიც საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ საქართველოში განვითარდა, მიუხედავად დაპირისპირებისა და ომისა, საქართველოს განახლებული რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია ისტორიაში დარჩა უპირველესად როგორც ქვეყნის დამოუკიდებლობის აღმდგენი და გამომცხადებელი.

„ისტორია ასევე მიუჩენს კუთვნილ ადგილს იმ დამსახურებისათვის, რაც მიუძღვის მეორე პრეზიდენტს, ედუარდ შევარდნაძეს, კონსტიტუციის მიღებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობისათვის. დამოუკიდებლობის იდეას და სურვილს აუცილებლად სჭირდებოდა მატერიალური ხორცშესხმა, სისტემის აგება და სიცოცხლისუნარიანობა. უმძიმეს პერიოდში ედუარდ შევარდნაძემ ამ ურთულეს ამოცანას გაართვა თავი.
30 წლის განმავლობაში საქართველოს კონსტიტუციამ მრავალი ცვლილება და შესწორება გამოიარა, მოუწია არაერთი უხეში ჩარევის ატანა.

სწორედ ამიტომ, განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო 2017 წლის კონსტიტუციური რეფორმა, რომელიც მოემსახურა კონსტიტუციის გასწორების, ჰარმონიზაციის, დახვეწის და სრულყოფის იდეას. ტექსტი დაიხვეწა, გამთლიანდა, სრულ იქმნა. ზუსტად ისე, როგორც ამოისუნთქა სახელმწიფომ და გახდა ადამიანზე ორიენტირებული.

საქართველოს კონსტიტუცია იქცა ქვეყნის ეროვნული ინტერესების გამომხატველ ფუძემდებლურ დოკუმენტად, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფოს მმართველობას, მის პრინციპებს, ჩარჩოებს და წესრიგს. საქართველო შედგა როგორც კანონისა და სამართლის ქვეყანა, რაშიც ფუძემდებლური როლი სწორედ ჩვენს კონსტიტუციას ეკუთვნის“, - განაცხადა პაპუაშვილმა.