კონსტანტინე ჟღენტი: კლასიკური დიპლომატიის კუთხით თუ ვიტყვით, რაც დღეს ელჩებმა საგარეო საქმეთა სამინისტროში მოისმინეს, ამის ანალიზი უნდა გააკეთონ, თავისი წინადადებები უნდა დაურთონ და გააგზავნონ თავის სამშობლოში

კონსტანტინე ჟღენტი

კლასიკური დიპლომატიის კუთხით თუ ვიტყვით, რაც დღეს ელჩებმა საგარეო საქმეთა სამინისტროში მოისმინეს, ამის ანალიზი უნდა გააკეთონ, თავისი წინადადებები უნდა დაურთონ და გააგზავნონ თავის სამშობლოში, მთავრობასთან. იმის მიხედვით, თუ რა რეაქცია მოყვება მიწოდებულ ინფორმაციას, ეს დამოკიდებულია ჩვენი ქვეყნის ურთიერთობასთან იმ ქვეყნებთან, სადაც ეს გაიგზავნება, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ დიპლომატმა, კონსტანტინე ჟღენტმა.

მისი თქმით, სულ სხვანაირი რეაქცია ექნებათ ისეთ ქვეყნებში, სადაც ჩვენი ინტერესები მათ ინტერესებს ემთხვევა.

„ევროკავშირთან ურთიერთობები მანამ არ შეიცვლება, სანამ არ ჩატარდება ახალი ევროპარლამენტის არჩევნები და იქ არ გაიმარჯვებენ ისეთი ძალები, რომლებიც უფრო რეალურად შეხედავენ ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. მე დარწმუნებული ვარ, სანამ ეს ძალები იქნებიან, ისევ ისეთი განცხადებები იქნება კორსისგანა, კუბილიუსისგანა, კალასისგანაც და ა.შ.“, - აღნიშნა კონსტანტინე ჟღენტმა.

დიპლომატი მიიჩნევს, რომ გზა, რომელსაც ახლა საქართველოს მთავრობა მიჰყვება და როგორც მიდის საგარეო პოლიტიკა, სწორია.

საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთან შეხვედრა გაიმართა. საუბრის მთავარი თემა იყო 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენები, როდესაც ხელისუფლების დამხობის მცდელობას ჰქონდა ადგილი. დიპლომატებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი შეხვდა. ელჩებთან შეხვედრაზე გერმანიის საელჩოდან არავინ მივიდა. საგარეო უწყებაში შეხვედრას ესწრებოდა ევროკავშირის ელჩი.