კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის 2024 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინეს

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროებისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა ლელა ჯანაშვილი სამსახურის 2024 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. მომხსენებლის განცხადებით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ პარლამენტის მიერ 2023 წელს მიღებული ახალი კანონის შესაბამისად, სამსახურის საქმიანობა სრულად შეესაბამება ევროპული მონაცემთა ბაზის ზოგად რეგულაციებს.

მისივე თქმით, განახლებული კანონმდებლობა სამსახურს შესაძლებლობას აძლევს გეგმური და არაგეგმური ინსპექტირება აწარმოოს როგორც საჯარო და კერძო სექტორში, ასევე შეისწავლოს სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობა, რომლებიც პერსონალური მონაცემების დაცვას და მათი დარღვევის საკითხებს შეეხება.

„საანგარიშო პერიოდში, მოქალაქეთა განცხადებების და გეგმური ინსპექტირების ფარგლებში ასობით საქმე იქნა შესწავლილი. აღნიშნული საქმეები პაციენტთა უფლებებს, ბაგა-ბაღის აღსაზრდელებს, დისციპლინარული წარმოების პროცესში მხარეთა უფლება-მოვალეობებს და მხარეთა მონაცემების დაცვას, ასევე საგადასახადო ვალდებულებების მქონე პირების, სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფი პირების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების და მათ შორის, ბავშვების პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების საკითხებს შეეხებოდა“, - განაცხადა ლელა ჯანაშვილმა.

მისივე თქმით, შესწავლილ საქმეებზე სამსახურმა შესაბამისი რეკომენდაციები და დავალებები მოამზადა და დაინტერესებულ პირებს გადასცა.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა სამსახურის მიმართ მიმართვიანობის გაზრდილ სტატისტიკაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საზოგადოების ცნობიერების გაზრდის შედეგად, მოქალაქეების მიერ განცხადებების და საჩივრების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.

სამსახურის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას, ლელა ჯანაშვილმა ერთ-ერთი კონკრეტული საკითხის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, საანგარიშო პერიოდში სამსახურს განცხადებით და შეტყობინებით 600-მდე პირმა მიმართა. საქმე შეეხებოდა მათ მფლობელობაში არსებულ სატელეფონო ნომერზე მათი თანხმობის გარეშე მარკეტინგული შინაარსის შეტყობინებების მიღებას.

„სამსახურის მიერ გატარებული შრომატევადი სამუშაოების შედეგად 165 პირს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა, 11 პირზე გაიცა გაფრთხილება, ხოლო 154 პირი დაჯარიმდა და ჯარიმის საერთო ოდენობამ 300 ათასი ლარი შეადგინა“, - განაცხადა ლელა ჯანაშვილმა.

სამსახურის უფროსმა უწყების მიერ განხორციელებულ სხვადასხვა საქმიანობის შესახებაც ისაუბრა. მათ შორის, კონსულტაციებზე, მოქალაქეთა წერილობითი კორესპონდენციების რეაგირების მექანიზმებსა და დაინტერესებულ პირებთან მონაცემთა დაცვის ოფიცრების და იურისტების შეხვედრების თაობაზე. ანგარიშის წარდგენის შემდეგ ლელა ჯანაშვილმა პარლამენტის წევრების შეკითხვებს უპასუხა.