კახა კალაძე: დავით გარეჯთან დაკავშირებული ბრალდებები სპეკულაციებია ხელისუფლების დაზიანების მიზნით

კახა კალაძე

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ბოლო დროს დავით გარეჯთან დაკავშირებით გავრცელებული ბრალდებები არის სპეკულაციები საქართველოს ხელისუფლების დაზიანების მიზნით.

როგორც კალაძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, მისთვის უცნობია, რა ჯგუფები დგანან ამ ყველაფრის უკან.

„მე ვფიქრობ, აღნიშნულ საკითხს სერიოზულად არ უნდა შევხედოთ. რამდენიმე დღის წინ გავაკეთე განცხადება ამასთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი არასერიოზულია. თუნდაც ამ საუბრიდან იკვეთება, რომ მეტრები და კილომეტრები ვერ გაურკვევიათ და ვერ გაუგიათ, რაზეა საუბარი. ეს არის ჩვეულებრივი სპეკულაციები, როგორმე ხელისუფლება დააზარალონ, ჩირქი მოსცხონ, თუმცა საზოგადოებაში არაფერი იმალება, ყველაფერი ცხადი და ნათელია. ჩვეულებრივი სპეკულაციებია და ტალახის სროლა ხელისუფლების მისამართით, უსაფუძვლო და ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე. არ ვიცი, კონკრეტულად რა ჯგუფები დგანან ამის უკან, რა ინტერესები აქვთ. ერთი ცხადად იკვეთება, არის მცდელობა, ხელისუფლება დააზიანონ ამ ტიპის ბრალდებებით, უსაფუძვლო სპეკულაციებითა და განცხადებებით“, – აღნიშნა კალაძემ.