1780555563
იცოდნენ, რომ საქართველო ასე გულგრილად ვერ შეხედავს ჯაშუშურ საქმიანობას - თენგიზ შარმანაშვილი
ფრანგულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც საფრანგეთის საგარეო დაზვერვის სამსახური იძულებული გახდა, თბილისიდან საკუთარი ორი აგენტი გაეწვია, პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი ეხმაურება.
აღნიშნული ინფორმაციის თანახმად, ქართულმა მხარემ, აგენტების "პერსონა ნონ გრატად" გამოცხადების ნაცვლად, მათი ქვეყნიდან გაყვანა მოითხოვა და, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი ვინაობის გასაჯაროებით დაიმუქრა.
თენგიზ შარმანაშვილი აღნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული ოპერაციის შედეგია.
"ერთ-ერთმა ფრანგულმა გამოცემამ გააჟღერა და, ალბათ, საფრანგეთის ოფიციალური პირები ამას რაიმე პასუხს გასცემენ - ან დაადასტურებენ, ან უარყოფენ. მამუკა მდინარაძემ წინასწარ გააფრთხილა ყველა და უთხრა, რომ შეწყვიტეთ ისეთი საქმიანობა საქართველოს ტერიტორიაზე, რა საქმიანობასაც საქართველო არ აწარმოებს მათ ტერიტორიაზე. თუ ვინმე ამ მესიჯს გაიგებს, ხომ კარგი, თუ არადა იცოდეთ, რომ ჩვენ უკვე რაღაცების რეალიზაციაზე გადავალთო. ვინც გაიგო - გაიგო, ვინც არ გაიგო - იცოდნენ, რომ საქართველო ასე გულგრილად ვერ შეხედავს ჯაშუშურ საქმიანობას საქართველოზე. რაც შეეხება ზოგადად უძილაურს, ფაქტი ერთია, რომ რომ არ არსებობდეს მაღალი დონის მტკიცებულებები მისი თანამშრომლობის, რა თქმა უნდა, ამის გამომზეურება არ მოხდებოდა და, დარწმუნებული ვარ, რომ ეს საქმე სასამართლომდე მივა და ყველა მიიღებს იმ საკადრის სასჯელს, რაც ამ უსამართლო დანაშაულთან არის დაკავშირებული," - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.











