ირაკლი ქადაგიშვილი: ვხედავთ, ოპოზიციურ ალიანსში როგორი დაპირისპირება აქვთ, ბუნებრივია, ნიკა გვარამიას მოწოდებაზე მის რიგებში ჩადგომა არავის სურს

ირაკლი ქადაგიშვილი

ვხედავთ, ოპოზიციურ ალიანსში როგორი დაპირისპირება აქვთ, ლამის ყოველ დღე, ერთმანეთის წინააღმდეგ განცხადებებს აკეთებენ, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, არავის სურს, ნიკა გვარამიას მოწოდებაზე მის რიგებში ჩადგეს.

„ნიკა გვარამია ცდილობს, რომ გამაერთიანებლის ქოლგის როლი შეასრულოს. ბუნებრივია, არავის სურს, რომ გვარამიას მოწოდებაზე მის რიგებში ჩადგეს. ეს ჩვეულებრივი ამბავია და ამის უკან დიდი ფილოსოფია არ უნდა ვეძებოთ. ადამიანები პოლიტიკას იმის მიხედვით აფასებენ, თუ რამდენად ასახავს ეს პოლიტიკა ადამიანების ინტერესებს. მათი არც ერთი ნაბიჯი ამომრჩევლის და ქვეყნის რეალურ ინტერესებს არ ასახავს, ისინი თავის პოლიტიკას იმაზე აგებენ, რაც შეიძლება მეტი ნეგატივი გააჩინონ ქვეყანაში. ისინი ფიქრობენ, რომ ამ ნეგატივის კულტივირებით იმ კრიტიკულ მასას მიიღებენ მოქალაქეების, რაც საკმარისი იქნება რევოლუციის მოსახდენად.

სააკაშვილის მოწოდებაც, რომელიც 2003 წელს მუშაობდა, 2026 წელს აღარ მუშაობს და ამის დამადასტურებელი 4 ოქტომბერი იყო. რადიკალებს ახალის შეთავაზება არ შეუძლიათ, არადა, ნათქვამია, რომ ძველ ტიკებში ახალი ღვინო არ ისხმევა. მათ ამომრჩეველმა დიდი შანსი მისცა და მათ ეს შანსი გაანიავეს, რადგან გარე შეკვეთების შესრულებას უფრო მეტი დრო დაუთმეს, ვიდრე დემოკრატიული პროცესის განვითარებას. ამ დროს კი, უკმაყოფილო არიან, ხალხი მეტროსთან გამარჯობას რატომ არ ეუბნება. ხმა რომ მისცენ, ამით რა მოიგეს? – არაფერი“,- განაცხადა ქადაგიშვილმა.