1752256923
ირაკლი ქადაგიშვილი: თუ ევროკავშირი ისევ დაუბრუნდება ჩვენს ქვეყანასთან კონსტრუქციული დიალოგის გზას, ჩვენი კანონმდებლობა იქნება ჰარმონიაში ევროპულ კანონმდებლობასთან

თუ ევროკავშირი ისევ დაუბრუნდება ჩვენს ქვეყანასთან კონსტრუქციული დიალოგის გზას, ჩვენი კანონმდებლობა იქნება ჰარმონიაში ევროპულ კანონმდებლობასთან, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა „დღის ქრონიკაში“.
მისივე თქმით, საქართველოს კანონმდებლობა ნელ-ნელა უფრო და უფრო უახლოვდება ევროპულ და ამერიკულ კანონმდებლობებს სხვადასხვა მიმართულებით.
„ზოგადად ქართული კანონმდებლობა იყო სუპერ ლიბერალური. ასეთი სუპერლიბერალური კანონმდებლობა იშვიათად, რომ რომელიმე ქვეყანაში ყოფილიყო. ეს სუპერლიბერალური კანონმდებლობა გამოიყენეს არა მართლა დემოკრატიული პროცესების განვითარების ხელშეწყობისთვის, არამედ სწორედ ათასგვარი რევოლუციებისა და პოლიტიკური მანიპულაციებისათვის. ამიტომ სახელმწიფოს უწევს საზოგადოების დაცვა და ჩვენ ნელ-ნელა, ჩვენს კანონმდებლობას რეალურად ვაახლოებთ ევროპულ და ამერიკულ კანონმდებლობას. მედია რეგულაციის მიმართულებაშიც ზუსტად „ბიბისის" სტანდარტი გადმოვიტანეთ. გამჭვირვალობის კუთხით ზუსტად ამერიკული სტანდარტი გადმოვიტანეთ. ცილისწამების კუთხით ზუსტად ამერიკული კანონმდებლობა გადმოვიტანეთ. ასე რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებ იმ სტანდარტებით, რა სტანდარტიც არის ევროპაში. სწორედ იმიტომ, რომ თუ ევროკავშირი ისევ დაუბრუნდება ჩვენს ქვეყანასთან კონსტრუქციული დიალოგის გზას, ჩვენი კანონმდებლობა იქნება ჰარმონიაში ევროპულ კანონმდებლობასთან“,- განაცხადა ქადაგიშვილმა.