ირაკლი ქადაგიშვილი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გამკაცრებაზე: ინიციატივის მიზანია, საქართველოში კორუფცია მინიმალური დონეზე დავიდეს

ქადაგიშვილი

 ახალ საკანონმდებლო ინიციატივას მმართველი გუნდი ბიუროზე უახლოეს პერიოდში წარადგენს. საუბარია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გამკაცრებაზე.

ცვლილებების თანახმად, კონკრეტულ სამოხელეო დანაშაულში მხილებული ადამიანების ქონებრივი მდგომარეობის მონიტორინგი 30 წლის განმავლობაში გაგრძელდება, რაც, მმართველი გუნდის შეფასებით, მითვისებული ქონების ლეგალიზებას სასჯელის მოხდის შემდეგაც გამორიცხავს. ინიციატივის შესახებ პირველი განცხადება გუშინ პრემიერ-მინისტრმა გააკეთა.

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ ინიციატივის მიზანია, საქართველოში კორუფცია მინიმალური დონეზე დავიდეს.

"სულ ბოლო კვლევით, რომელიც, სხვათა შორის, ევროკომისიის მიერ იყო დაკვეთილი, ჩვენ ევროპის საუკეთესო ოცეულში მოვხვდით, მაგრამ ეს ჩვენთვის არ არის საკმარისი. ჩვენ გაცილებით უფრო ამბიციური მიზანი გაგვაჩნია ქვეყნის სწრაფი განვითარების მიმართულებით. ამ კუთხით, რა თქმა უნდა, კორუფცია შეიძლება იყოს ერთ-ერთი შემაფერხებელი. ამიტომ, ეს ბოლო ინიციატივაც, სწორედ ემსახურება იმ მიზანს, რომ საქართველოში კორუფცია მინიმალური დონეზე დავიდეს," - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.