ირაკლი კობახიძე: თებერვალში ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 8.8%, ჩვენ ვახერხებთ ეკონომიკური ზრდის სწრაფი ტემპის შენარჩუნებას

 ირაკლი კობახიძე

თებერვალში ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 8.8%, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კობახიძის თქმით, იანვარ-თებერვლის საშუალო ზრდამ შეადგინა 8.4%, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„გამოქვეყნდა თებერვლის ეკონომიკური ზრდი მონაცემები და თებერვალში ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 8.8%. შესაბამისად, იანვარ-თებერვლის საშუალო ზრდამ შეადგინა 8.4%, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩვენ ვახერხებთ ეკონომიკური ზრდის სწრაფი ტემპის შენარჩუნებას. ასევე გამოქვეყნდა 2025 წლის დაზუსტებული მონაცემები. გასულ წელს ზრდამ შეადგინა 7.5% და მთლიანი შიდა პროდუქტი გასული წლის ბოლოს მონაცემებით შეადგენს 104.6 მლრდ ლარს. პირველად, ჩვენმა ეკონომიკამ გადააჭარბა 100 მლრდ ლარს, რაც მნიშვნელოვანი მაჩვენებელია.

შეგახსენებთ, რომ 2012 წელს ჩვენი ეკონომიკა შეადგენდა დაახლოებით ოთხჯერ ნაკლებს, 28 მლრდ ლარს. დოლარში ჩვენი ეკონომიკა შეადგენს 38.1 მლრდ დოლარს. ჩვენ რამდენჯერმე შევადარეთ ჩვენი ეკონომიკური ზრდის ტემპი მოლდოვის ეკონომიკური განვითარების ტემპს, მსგავსი მოცემულობა გვაქვს. უნდა აღინიშნოს, რომ გასული ხუთი წლის განმავლობაში 2021-2025 წლებში ჩვენი ეკონომიკის სხვაობა მოლდოვის ეკონომიკასთან გავზარდეთ 14 მლრდ დოლარით. ეს  ნიშნავს იმას, რომ სხვაობა ჩვენს ბიუჯეტებს შორის გაიზარდა 3.5 მლრდ დოლარზე მეტით. ეს არის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი ზოგადად ქვეყნის განვითარებისთვის და მომავალშიც განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ეკონომიკის განვითარებაზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.