მარტივი ხერხი თუჯის ტაფის გასარეცხად, რათა მან წლების განმავლობაში გაძლოს
1759756680
არ უნდა დავუშვათ, რომ ელჩების, თუ ევრობიუროკრატების ქმედებებმა ევროკავშირთან და ევროპის ქვეყნებთან პარტნიორული ურთიერთობები დაძაბოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, „საქართველოს მოსახლეობის მოთხოვნა ამა თუ იმ ელჩის გაძევებასთან დაკავშირებით კონტრპროდუქტიული იქნება, ვიდრე, ელჩების დანიშვნაზე „დიფ სთეითის“ მართული ევრობიუროკრატია იღებს გადაწყვეტილებას“.
„როგორც ქართული, ისე საერთაშორისო საზოგადოება კარგად ხედავს, რომ ამ ელჩებთან, ქვეყნებთან, ორგანიზაციებთან თუ ინსტიტუტებთან, ვაგრძელებთ პროფესიულ ურთიერთობას და არ ვდგამთ იმ მკვეთრ ნაბიჯებს, რასაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი მოითხოვს. რა თქმა უნდა, ჩვენი ეს პოლიტიკა კონკრეტულ გეგმას ეფუძნება. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ევროკავშირის სტრუქტურებში დღეს აშკარად იგრძნობა „დიფ სთეითის“ გავლენა და არაერთი ევრობიუროკრატი სწორედ მათზე მუშაობს. შესაბამისად, იმ ფონზე, როდესაც ვხედავთ, რამდენად უჭირს დღეს ევროპას, რამდენად დიდია იქ „დიფ სთეითის“ გავლენა, რამდენად რთულ ვითარებაში ჩააყენეს ევროკავშირის არაერთი ქვეყანა და, ზოგადად, ევროკავშირის სტრუქტურები – კონკრეტული ელჩების ქცევა ჩვენთვის გასაკვირი არ უნდა იყოს, რადგან ევრობიუროკრატია სწორედ იმ ქვეყნების წარმომადგენლებით კომპლექტდება, რომელთა ელჩებიც ასე უხეშად და არადიპლომატიურად მოქმედებენ საქართველოში.
აშკარაა, რომ საქართველოს მოსახლეობის მოთხოვნა ამა თუ იმ ელჩის გაძევებასთან დაკავშირებით კონტრპროდუქტიული იქნება, ვიდრე, ელჩების დანიშვნაზე „დიფ სთეითის“ მართული ევრობიუროკრატია იღებს გადაწყვეტილებას. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ჩვენი სახელმწიფო, აღნიშნულ ქვეყნებთან ურთიერთობას წლების განმავლობაში აშენებდა და ავითარებდა, შესაბამისად, „დიფ სთეითის“ მართულ ევრობიუროკრატიას არ მივცემთ საშუალებას, ელჩების არადიპლომატიური ქმედებების გამო, მიღწეული შედეგები სახელმწიფოებისა და ხალხების ურთიერთობების დონეზე გააფუჭოს. ცხადია, კონკრეტული ქვეყნის ელჩის გაძევება გამოიწვევს მთელ რიგ დიპლომატიურ სვლებს, რაც საქართველოსა და კონკრეტული ქვეყნების ურთიერთობაზე ნეგატიურად აისახება.
შესაბამისად, იქიდან გამომდინარე, რომ ადრე თუ გვიან, ევროპაში „დიფ სთეითის“ გავლენა შესუსტდება, რისი ნიშნებიც მთელ რიგ ქვეყნებში და მათ მოსახლეობაში ნელ-ნელა იკვეთება, ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, რამეთუ მიგვაჩნია, რომ დღეს არსებული ვითარება დროებითია და არცერთ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ, რომ ელჩების, თუ ევრობიუროკრატების განცხადებებმა, ქმედებებმა ევროკავშირთან და ევროპის ქვეყნებთან პარტნიორული, მეგობრული ურთიერთობები დაძაბოს. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ დავრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, ვიდრე ევროპა „დიფ სთეითის“ გავლენისგან არ გათავისუფლდება. პარალელურად კი, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ „დიფ სთეითის“ გავლენა არ გავრცელდეს საქართველოზე, რადგან უკვე კარგად ვიცით, რა შედეგი მოაქვს ამას ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის. მიგვაჩნია, რომ სწორედ ამგვარი დამოკიდებულებით მივაღწევთ იმ შედეგს, რისთვისაც ვიღწვით“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.