გივი მიქანაძე: ქვეყანაში ეროვნული გამოცდები წარიმართა ყველა იმ სტანდარტის დაცვით, რომელიც კანონმდებლობით არის გაწერილი

გივი მიქანაძე

დღეს, 17:00 საათზე 2025 წლის გამოცდები დასრულდება. თამამად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ საგამოცდო პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით წარიმართა ყველა იმ სტანდარტის დაცვით, რომელიც კანონმდებლობით არის გაწერილი, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ გორის მე-3 საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში სტუმრობისას განაცხადა.

მინისტრმა გამოცდების წინასწარი მონაცემები შეაჯამა, ორგანიზებაში ჩართულ ყველა უწყებას მადლობა გადაუხადა და გამოცდის მონაწილეებს კიდევ ერთხელ უსურვა წარმატებები.

„მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებს, ისევე, როგორც ყველა შესაბამის უწყებას, რომელიც ჩართული იყო ამ პროცესში, დიდი მადლობა გადავუხადო. მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით იყო შესაძლებელი საგამოცდო პროცესში ასეთი მაღალი სტანდარტის, სანდოობისა და სამართლიანი გარემოს უზრუნველყოფა. მიმდინარე პროცესში ათასობით თანამშრომელი მონაწილეობდა და მათი ძალიან დიდი ძალისხმევითა და მონდომებით, პროცესი მაქსიმალურად სტაბილურად, ყოველგვარი ხარვეზების გარეშე წარიმართა“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.

მინისტრის თქმით, უკვე დაწყებულია ნაშრომების გასწორება. აგვისტოს დასაწყისში კი უკვე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე პირველადი შედეგები ეტაპობრივად აიტვირთება.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საგამოცდო პერიოდში გამოცდებზე გამოცხადდა 94 პროცენტამდე აბიტურიენტი. დაფიქსირდა 60-მდე დაგვიანება. გამოცდიდან მოიხსნა ცხრა გამოსაცდელი, დამხმარე მასალის გამოყენების მცდელობის გამო. სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე 69 პროცენტამდე გრანტის მაძიებელი სტუდენტი გამოცხადდა, ხოლო მაგისტრანტობის კანდიდატების 80 პროცენტი – საერთო სამაგისტრო გამოცდაზე. დაახლოებით 83 პროცენტზე მეტია იმ პირთა რაოდენობა, რომლებიც მასწავლებლობის მაძიებლები არიან, ან აბარებენ გამოცდას.

22 ივლისს გორის საგამოცდო ცენტრში ტარდება უცხოური ენების საუბრის ნაწილის გამოცდა მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისათვის.

2025 წლის გამოცდები 3 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყო. თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში. სულ 24 საგამოცდო ცენტრი ფუნქციონირებდა.