დემენციის ხუთი ადრეული ნიშანი, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ
1792693951
გიორგი სიორიძე – გაუგებარია, როგორ შეიძლება, 16 წლის მოვლენები მიემართებოდეს „ლელოს“, ორი დღე ვითხოვდით, გაგვერკვია, რომელ პარტიას რომელი ეპიზოდი მიემართებოდა იმ აბსურდული სარჩელიდან
13:22, 23.10.2026
ორი დღე ვითხოვდით, გაგვერკვია, თითოეულ პარტიას რომელი ეპიზოდი მიემართებოდა იმ ხელოვნური, აბსურდული სარჩელიდან, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გიორგი სიორიძემ განაცხადა.
სიორიძის თქმით, პარტიისთვის გაუგებარია, 16 წლის განმავლობაში მომხდარი მოვლენები, როგორ შეიძლება, მიემართებოდეს „ძლიერ საქართველოს – ლელოს“.
„„ძლიერი საქართველო – ლელო“ 2019 წლის დეკემბერში შეიქმნა, სარჩელი კი 2003 წლიდან მოყოლებულ სხვადასხვა ეპიზოდს მოიცავს. ჩვენთვის გაუგებარია, 16 წლის განმავლობაში მომხდარი მოვლენები, როგორ შეიძლება, მიემართებოდეს „ძლიერ საქართველოს – ლელოს“. გაუგებარია ისიც, როგორ შეიძლება, სარჩელის ზოგიერთი სხვა მონაკვეთი საერთოდ ფორმალური ლოგიკის წესებს შეესაბამებოდეს.
სწორედ ამის გარკვევას ვითხოვდით და შესაბამის შუამდგომლობებსაც ვაყენებდით, თუმცა ორი დღის განმავლობაში ვერც მოსამართლეებმა და ვერც მოსარჩელე მხარემ ვერ შეძლეს, ეს ჩვენთვის აეხსნათ. არ დაკმაყოფილდა შუამდგომლობები, რომელთა დაკმაყოფილებაც ამ საკითხების გარკვევის შესაძლებლობას მოგვცემდა. რა თქმა უნდა, კარგად გვესმის, რამხელა არის დაკვეთა, როგორი არის ეს გეგმა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ბეჭედი დაასვას ბიძინა ივანიშვილის მიზნებსა და გეგმებს. ვნახეთ მანანა კობახიძის მცდელობაც, თავი აერიდებინა ამ პროცესში მონაწილეობისთვის. სასამართლომ მისი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, რის შემდეგაც მან საკუთარი ნებით დატოვა მოსამართლის მანდატი. არავის სურს, ერთი მხრივ, საზოგადოების სამსჯავროს წინაშე წარდგეს, ხოლო მეორე მხრივ, იმ საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს, რომელიც ამ ფარსში მონაწილეობას, შეიძლება, საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მოჰყვეს, მათ შორის, სანქციების სახით“, – განაცხადა სიორიძემ.
ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს „ქართული ოცნების“ კონსტიტუციურ სარჩელს, რომლითაც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელოს“, „ფედერალისტების“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა. სარჩელის განხილვა 21 ოქტომბერს დაიწყო.