„ისევ ისე გაგახარებთ, როგორც აქამდე“ - ხვიჩა კვარაცხელიას დედა მიმართვას ავრცელებს
1792698539
საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა "გახარიას საქართველოსთვის" წარდგენილი შუამდგომლობა არსებითი განხილვის სხდომის გადადების შესახებ.
პარტიის წარმომადგენლის, ბერდია სიჭინავას თქმით, სხდომა ერთი თვის ვადით უნდა გადაიდოს, ათვლა კი 13 ოქტომბრიდან უნდა დაიწყოს. შუამდგომლობას პროცესში მონაწილე სამივე პარტია - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", "ლელო-ძლიერი საქართველო" და "კოალიცია ცვლილებისთვის" დაეთანხმა.
საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელის განხილვა რამდენიმე წუთის წინ განახლდა. სხდომები მომავალ კვირაშიც ჩაინიშნა. უკვე გამართული ორი პროცესი კი თითქმის სრულად ოპოზიციის შუამდგომლობებს დაეთმო. მათგან მოსამართლეთა პლენუმმა არცერთი არ დააკმაყოფილა.
მოსარჩელე მხარე შუამდგომლობას არ დაეთანხმება. როგორც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განმარტა, რომელიც სხდომაზე“ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს, არც რეგლამენტში, არც ორგანულ კანონში და არც კონსტიტუციაში არ წერია, რომ შესაგებლის წარუდგენლობა აფერხებს საკონსტიტუციო სარჩელის ან წარდგინების განხილვას.
"ჯერ ერთი, ფაქტობრივი უზუსტობაა - არსად წერია, არც რეგლამენტში, არც ორგანულ კანონში და არც კონსტიტუციაში, რომ შესაგებლის წარუდგენლობა აფერხებს საკონსტიტუციო სარჩელის ან წარდგინების განხილვას. მეტიც, რეგლამენტის მე-15 მუხლის მესამე პუნქტში ცალსახად მითითებულია, რომ მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობა არ აფერხებს სარჩელის განხილვას. რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას, მოგეხსენებათ, რომ ხშირ შემთხვევაში საქართველოს პარლამენტი გახლავთ ხოლმე მოპასუხე სხვადასხვა სარჩელის ნაწილში და როგორც წესი, საქართველოს პარლამენტის მხრიდან წერილობითი შესაგებლის წარმოდგენა არ ხდება და სრულად ხდება პროცესის მიმდინარეობისას საქმის არსებითი განხილვა და შესაბამისი პოზიციების დაფიქსირება. არსად წერია, რომ გინდა თუ არა შესაგებელს უნდა დაველოდოთ და სხვა შემთხვევაში განხილვა არ შეიძლება", - განაცხადა გორდულაძემ.
შეგახსენებთ, მმართველი გუნდი "ნაციონალური მოძრაობის", კოალიცია "ცვლილებისთვის", "ლელოს", "ფედერალისტებისა" და გახარია "საქართველოსთვის" აკრძალვას ითხოვს. მიზეზად მათი მხრიდან წლების განმავლობაში კონსტიტუციური წყობილებისა და ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფის მცდელობა, შუღლის გაღვივება, უცხოური ძალების დირექტივებით მოქმედება და ადამიანის უფლებების დარღვევა სახელდება.