გიორგი კახიანი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაზე: ეს არის კიდევ ერთი დამადასტურებელი იმ ძალიან პოზიტიური დინამიკის, რომელიც საქართველოსა და აშშ-ს შორის ხდება

გიორგი კახიანი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების ის ნაწილი შეაფასა, რომელიც საქართველო-ამერიკის ურთიერთობების აღდგენას უკავშირდება.

როგორც კახიანმა „დღის ქრონიკაში“ აღნიშნა, განცხადებაში აღნიშნულია, რომ დემოკრატიის ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანია ოპოზიციის თანამშრომლობა სახელმწიფო ინსტიტუტებთან.

„ეს განცხადება არის კიდევ ერთი დამადასტურებელი იმ ძალიან პოზიტიური დინამიკის, რომელიც (განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში) საქართველოსა და აშშ-ს შორის ხდება. ყველაფერი ეს დიდ იმედს გვიქმნის, რომ ჩვენ აშშ-სთან აღვადგენთ სტრატეგიულ პარტნიორულ ურთიერთობას და კიდევ უფრო გავაღრმავებთ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებს.

ამ განცხადებაში ჩანს ისიც, რომ დემოკრატიის ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანია ოპოზიციის თანამშრომლობა სახელმწიფო ინსტიტუციებთან. ეს მიუთითებს იმაზე, რომ იმ მდგომარეობაში, რაშიც დღეს ოპოზიციაა, ეს არის ყოვლად მიუღებელი. მათ თავის დროზე აირჩიეს არა კონსტრუქციული დიალოგის გზა და არა მათივე ამომრჩევლის ინტერესების გათვალისწინება, არამედ დესტრუქცია.

ეს არ არის ის ძალა და არ არის ის რადიკალური დაჯგუფება, რომელიც ქვეყნისა და მოსახლეობის ინტერესებით ხელმძღვანელობს, ის ხელმძღვანელობს იმით, რასაც ქვეყნის გარედან ეტყვიან“, - აღნიშნა გიორგი კახიანმა.

„ფუნქციონალური დემოკრატია საჭიროებს პოლიტიკურ ოპოზიციას, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტებთან ურთიერთობს იმ მოქალაქეების ინტერესების წარმოსაჩენად, რომლებმაც მას ხმა მისცეს“ - აშშ-ის საელჩო სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის განცხადებას ავრცელებს.