გიორგი გაბუნია: ევროპული ინსტიტუტების კვლევებით, საქართველო ვითარდება, პოლიტიკური თვალსაზრისით კი უსამართლო დამოკიდებულებას ვხედავთ, მარტა კოსის მხრიდან კრიტიკა მიუღებელია

გიორგი გაბუნია

ევროპული ინსტიტუტების კვლევებით, საქართველო ვითარდება და პროგრესია, ხოლო პოლიტიკური თვალსაზრისით უსამართლო კრიტიკას და დამოკიდებულებას ვხედავთ, – ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ განაცხადა.

გაბუნიას კითხვა დაუსვეს გაფართოების საკითხებში ევროკომისარის, მარტა კოსის განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა: „იმედი მაქვს, ხალხის მხარდაჭერით საქართველოს ხელისუფლება, მთავრობა დაუბრუნდება ევროპულ გეზს, თუმცა ეს მათ ხელშია“.

„კვირა არ გავა, ევროპული ინსტიტუტების მხრიდან კვლევა არ გამოქვეყნდეს, რომ საქართველო კონკრეტული დარგების მიმართულებით ევროპაში მოწინავე პოზიციებზეა. რეალური კვლევებით, საქართველო ვითარდება და პროგრესია, ხოლო პოლიტიკური თვალსაზრისით უსამართლო კრიტიკას და დამოკიდებულებას ვხედავთ. სასაცილოა, როცა ევროპელი ბიუროკრატები მედიის თავისუფლებაზე გველაპარაკებიან და აზრის გამოხატვის თავისუფლებაზე მიგვითითებენ. ახლა საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანაა ევროპაში, სადაც ევროპული ღირებულებები დაცულია. თავად ევროკავშირში საუბრობენ დამაზიანებელ პროცესებზე, რომლებიც გაერთიანებაშია, მათ შორის ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევაზე. ამ ფონზე, მარტა კოსის თუ მისი კოლეგების მხრიდან საქართველოს კრიტიკა მიუღებელია. ჩვენმა ქვეყანამ მოახერხა და რთულ ვითარებაში მშვიდობა შეინარჩუნა. ამავე დროს, ფუნდამენტურ უფლებებს იცავს. შესაბამისად, ამ ნაწილში კრიტიკას ვერ მივიღებთ. საქართველოს ხელისუფლება ყველა საჭირო რეფორმას ატარებს, რათა ევროკავშირს დაუახლოვდეს. 2030 წლისთვის ევროკავშირში გასაწევრიანებლად საქართველო კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველაზე მეტად იქნება მზად. რაც შეეხება დიალოგს, საქართველო დისკუსიისთვის მზად არის. მოთხოვნები, რასაც ქვეყანას უყენებენ, იქნება ეს გამჭვირვალობის თუ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონების გაუქმება, არ მოხდება, რადგან ეს კანონები საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ემსახურება.

კერძოდ, ემსახურება ზუსტად იმ ევროპული ღირებულებების დაცვას, რომლის დაცვასაც ჩვენ გვედავებიან და ევროკავშირში ირღვევა. თურმე არაევროპულია, რომ ჩვენს ახალგაზრდებს მიუღებელი პროპაგანდისგან ვიცავთ. კრიტიკა სასაცილოა და ხელისუფლება საკუთარ ქვეყანას დაიცავს. საქართველო-ევროკავშირს ურთიერთობაში დიდი პოტენციალი აქვს, რომელიც გამოყენებული უნდა იყოს. ველოდებით, რომ ევროკავშირში პრაგმატული პოლიტიკა გაიმარჯვებს. ვხედავთ, ევროპა რა დღეშია. ამის მიზეზია ის, რომ რეალური ლიდერები არ ჰყავთ, რომლებიც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაზე პასუხისმგებლობას აიღებენ. როგორ ექცევიან უკრაინას? ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინა თურმე ნატო-ში გაწევრიანებაზე უარს ამბობს, თორემ ნატო-ს ამის სურვილი ჰქონდა. უკრაინას ამ ყველაფერს თავად ალაპარაკებენ. გაიმარჯვა თუ არა დასავლეთმა? ამ მიმართულებით ვერ გაიმარჯვა. 2022 წელი გაიხსენეთ, როცა რუსეთის მოთხოვნებიდან ერთ-ერთი საკვანძო საკითხი იყო, უკრაინა ნატო-ს წევრი არ გამხდარიყო. მეორე საკითხი იყო დონბასი. რუსეთმა მოახერხა და ეს საკითხები დაძლია. მაშინ რა საჭირო იყო ათასობით ადამიანის სიკვდილი და ათეულობით ქალაქის განადგურება, თუ ეს შედეგი მაინც უნდა ყოფილიყო მიღწეული? დასავლეთმა დაუშვა თუ არა შეცდომა და სწორად მოქცნენ თუ არა უკრაინას? სწორად მოგვექცნენ თუ არა ჩვენ, როცა ასეთი პროვოცირებული ომის მსხვერპლი გავხდით? – ეს ყველაფერი დაფიქრებას ითხოვს“, – განაცხადა გიორგი გაბუნიამ.