გეკა გელაძემ კორეის რესპუბლიკის ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

გეკა გელაძემ კორეის რესპუბლიკის ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

 
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ საქართველოში კორეის რესპუბლიკის 
საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ჰიონ დუ კიმთან გაცნობითი შეხვედრა 
გამართა.

შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას 
შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და მაღალი დონის თანამშრომლობას, 
როგორც ორმხრივ, ასევე, მრავალმხრივ ფორმატებში.

გეკა გელაძემ კორეის რესპუბლიკის ელჩს შინაგან საქმეთა სამინისტროში 
მიმდინარე რეფორმები გააცნო. ყურადღება ასევე გამახვილდა სამართალდაცვით 
სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით, ურთიერთობების 
გაღრმავების პერსპექტივებზე.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ერთობლივი ძალისხმევით ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა და ორმხრივი ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდება.